იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის და გამოკვეთა მისი შვიდი სვეტი,
- 2დაკლა თავისი საკლავი, თავისი ღვინო შეაზავა და თავისი სუფრა გაშალა.
- 3წარგზავნა თავისი მხევალნი, რათა მოეხმოთ ქალაქის მაღლობებიდან:
- 4"ვინც გულუბრყვილოა, აქეთ შემოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
- 5"მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო - ჩემ მიერ შეზავებული;
- 6მიატოვეთ გულუბრყვილობა, იცოცხლეთ, იარეთ გონიერების გზით”.
- 7მქირდავის დამრიგებელი დამცირებას იღებს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას.
- 8ნუ ამხელ მქირდავს, თორემ შეგიძულებს; შეაგონე ბრძენს და შეგიყვარებს.
- 9შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.
- 10სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება - გონიერება.
- 11ვინაიდან ჩემით გაგიმრავლდება დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
- 12თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი და თუ მქირდავი ხარ, შენვე დაზარალდები.
- 13უგუნური ქალი მოლაყბეა, ბრიყვია და არაფრის მცოდნე.
- 14დაჯდება თავისი სახლის ზღურბლზე, ქალაქის ამაღლებულ, საპატიო ადგილებზე,
- 15რათა მოუხმოს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ:
- 16"ვინც გულუბრყვილოა, აქეთ გადმოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება:
- 17"ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია ჩუმად შეჭმული პური”.
- 18არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში - მის მიერ ხმობილნი.
იტვირთება შემდეგი თავი