იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 27
- 1ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
- 2სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
- 3მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
- 4მრისხანება სისასტიკეა, რისხვა წამლეკავია, მაგრამ შურს ვინ დაუდგება წინ?
- 5აშკარა მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
- 6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.
- 7მაძღარი გოლეულსაც დაიწუნებს, მშიერს კი ყოველივე მწარეც ეტკბილება.
- 8თავისი ბუდის მიმტოვებელი ჩიტივითაა კაცი, რომელიც თავის სახლს ტოვებს.
- 9ნელსაცხებელი და საკმეველი გულს ახარებს, ხოლო მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.
- 10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ; ნურც შენი ძმის სახლში მიხვალ შენი უბედურების დღეს. ახლო მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.
- 11ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.
- 12წინდახედული ხედავს საფრთხეს და თავს არიდებს, გულუბრყვილონი კი აგრძელებენ სიარულს და ისჯებიან.
- 13აიღე მისი ტანსაცმელი, ვინც უცნობს დაუდგა თავდებად; უცხოტომელის წილად გამოართვი მას გირაო.
- 14თუ ვინმე დილაადრიან ხმამაღლა აკურთხებს თავის მეგობარს - წყევლად ჩაეთვლება ეს.
- 15რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, და რაღა ანჩხლი ცოლი;
- 16გინდა ასეთი ქალი შეგიფარია და გინდა ქარი ან ზეთი დაგიჭერია მარჯვენა ხელით.
- 17რკინა რკინას ლესავს, კაცი კი - თავისი მოყვასის სახეს.
- 18ლეღვის მომვლელი მის ნაყოფს შეჭამს, თავისი ბატონის მომვლელი პატივდებული იქნება.
- 19როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.
- 20როგორც ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაუმაძღარი ასე ადამიანის თვალიც გაუმაძღარია.
- 21ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, კაცი კი ქებით გამოიცდება.
- 22როდინში ბურღულთან ერთად ფილთაქვითაც რომ ჩანაყო ბრიყვი, მაინც არ მოსცილდება თავისი სიბრიყვე.
- 23კარგად იცნობდე შენს ფარას, ყურადღებით იყავი შენი ნახირის მიმართ,
- 24ვინაიდან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობაში.
- 25გაითიბა ბალახი და ამოიწვერა ჯეჯილი, მთის ბალახს მოიმარაგებენ;
- 26და გეყოლება ბატკნები შენი სამოსლისთვის და თხები - მინდვრის საფასურისთვის.
- 27საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.
იტვირთება შემდეგი თავი