იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 28
- 1ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გაბედულია.
- 2ამბოხის დროს ქვეყანაში მთავარნი მრავლდებიან; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
- 3მდაბიოთა მჩაგვრელი ღარიბი, კოკისპირულ წვიმასავითაა, პურს რომ ანადგურებს.
- 4რჯულის მიმტოვებელნი ბოროტს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან მათ.
- 5ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.
- 6სწორად მავალი ღარიბი სჯობს, უკუღმართი გზებით მოსიარულე მდიდარს.
- 7რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.
- 8ვინც ვახშითა და სარგებლით იხვეჭს სიმდიდრეს ღატაკთა მწყალობელთათვის აგროვებს მას.
- 9ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.
- 10ვინც მართალს აცდუნებს და ბოროტების გზაზე აყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უბიწონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
- 11მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.
- 12მართალთა ზეიმისას დიდება მრავლდება, ბოროტის აღზევებისას კი ხალხი იმალება.
- 13ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.
- 14ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.
- 15მბრდღვინავი ლომი და გააფთრებული დათვია ბოროტი ბატონი ღატაკი ხალხისთვის.
- 16გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
- 17ადამიანის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე ირბენს. ნურავინ დაეხმარება მას.
- 18უბიწოდ მავალი კაცი გადარჩება, უკუღმართი გზებით მოარული კი უეცრად დაეცემა.
- 19თვისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი სიღარიბით დანაყრდება.
- 20ერთგულ კაცს უამრავი კურთხევა ექნება, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება.
- 21მიკერძოება არ არის კარგი, ასეთი კაცი ლუკმაპურისთვისაც ჩაიდენს დანაშაულს.
- 22ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის; ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ეწევა.
- 23მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირფერი ენის პატრონი.
- 24ვინც თავის მამას და დედას ართმევს და ამბობს: დანაშაული არ არისო, ის დამღუპველი კაცის ამხანაგია.
- 25ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.
- 26საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.
- 27ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.
- 28ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება, მათი დაღუპვისას კი მართალნი მრავლდებიან.
იტვირთება შემდეგი თავი