იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 30
- 1სიტყვები აგურ იაქეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალის მიმართ:
- 2"მართლაც უმეცარი ვარ კაცთა შორის და ადამიანური გონიერება არ გამაჩნია.
- 3ვერც სიბრძნე მისწავლია და წმიდის შემეცნებაც არ გამაჩნია.
- 4ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
- 5ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
- 6ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ.
- 7ორ რამეს გთხოვ და სანამ მოვკვდებოდე, უარს ნუ მეტყვი:
- 8ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
- 9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.
- 10ცილს ნუ დასწამებ მონას ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
- 11არიან ისეთნი, ვინც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ აკურთხებს.
- 12არიან, საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ არ განბანილან საკუთარი სიბინძურისგან,
- 13არიან ისეთნი - და რა ზვიადია მათი თვალები, როგორ აუზიდავთ ქუთუთოები.
- 14არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები - დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.
- 15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
- 16ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
- 17მამის დამცინავ და დედის მორჩილების მოძულე თვალებს ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- 18სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:
- 19ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
- 20მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის - არაფერი დამიშავებიაო!
- 21სამი რამის ქვეშ ზანზარებს მიწა და ოთხ რამეს ვერ იტვირთავს:
- 22გამეფებულ მონას და უგუნურს - პურით რომ ძღება,
- 23კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.
- 24ოთხნი არიან დედამიწაზე, მცირედნი, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
- 25ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან, მაგრამ საზრდოს ზაფხულობით იმარაგებენ;
- 26დამანები - ძლიერი ხალხი არ არიან, მაგრამ კლდეებში იშენებენ სახლებს;
- 27კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;
- 28ხვლიკს ხელით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია.
- 29ეს სამნი მედიდურად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან:
- 30ლომი - ცხოველთა შორის ძლიერი, არავის წინაშე დაიხევს უკან.
- 31შემართული მამლაყინწა, ვაცი და მეფე ჯარს რომ მიუძღვის!
- 32თუ ბრიყვულად მოიქეცი და თავი აღიმაღლე ან ბოროტება განიზრახე - ხელი მიიფარე პირზე!
- 33რადგან რძის ჯანჯღარით, კარაქი გამოდის; ცხვირის ქექვით, სისხლი გამოდის; ბრაზის ჯანჯღარით, ჩხუბი გამოდის”.
იტვირთება შემდეგი თავი