იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 31
- 1სიტყვანი მეფე ლემუელისა, რომლითაც მისი დედა არიგებდა:
- 2"რაო, ძეო ჩემო? რაო, ძეო ჩემი მუცლისა? რაო, ძეო ჩემი აღთქმებისა?
- 3ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს - მეფეთა დამღუპველებს!
- 4მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს - მაგარ სასმელთა სიყვარული;
- 5თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.
- 6მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო - სულგამწარებულს;
- 7რათა დალიოს და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და აღარ ახსოვდეს თავისი ტანჯვა!
- 8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად,
- 9გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.
- 10გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი.
- 11დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.
- 12სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში.
- 13მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით.
- 14სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო.
- 15ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ.
- 16იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს.
- 17ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს.
- 18ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი.
- 19იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს.
- 20ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს.
- 21არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.
- 22ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.
- 23ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი.
- 24სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს.
- 25ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.
- 26სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.
- 27თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს.
- 28დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება:
- 29მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!
- 30მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!
- 31მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.