იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 4

  1. 1
    ისმინეთ შვილებო მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, რომ გონიერება შეიძინოთ.
  2. 2
    რადგან ჯანსაღ მოძღვრებას გაძლევთ; ჩემს შეგონებებს ნუ მიატოვებთ.
  3. 3
    მეც სათუთი შვილი ვიყავი მამაჩემისა და ერთადერთი დედის წინაშე.
  4. 4
    მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: "გულში შეინახე ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
  5. 5
    შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს სიტყვებს.
  6. 6
    ნუ მიატოვებ და ის დაგიცავს, გიყვარდეს და ის შეგინახავს.
  7. 7
    სიბრძნის დასაწყისი სიბრძნის მოხვეჭაშია, მთელი შენი ქონებით გონიერება შეიძინე.
  8. 8
    დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს მოგაგებს, თუ გულში ჩაიკრავ.
  9. 9
    თავზე მადლის შარავანდედს დაგადგამს, დიდების გვირგვინს გიბოძებს”.
  10. 10
    ისმინე შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება სიცოცხლის წლები.
  11. 11
    სიბრძნის გზისკენ მიგმართე და სწორ ბილიკებზე წარგიძეხი.
  12. 12
    სიარულისას, არ დაგიბრკოლდება ნაბიჯი და გაქცევისას - არ წაბორძიკდები.
  13. 13
    ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
  14. 14
    ბოროტეულთა ბილიკს ნუ დაადგები და სიავის გზაზე ნუ ივლი.
  15. 15
    თავი აარიდე, ახლოსაც ნუ ჩაუვლი, გადაუხვიე და გაიარე.
  16. 16
    რადგან ვერ იძინებენ, თუ სიავე არ ჩაიდინეს; ძილი უკრთებათ, თუ ვინმეს არ ავნეს,
  17. 17
    რადგან ბოროტების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ.
  18. 18
    მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.
  19. 19
    წყვდიადივითაა ბოროტეულთა გზა: არ იციან, რაზე წაბორძიკდებიან.
  20. 20
    შვილო, ჩემს სიტყვას მოუსმინე, ჩემს ნათქვამს დაუგდე ყური.
  21. 21
    თვალი არ მოაშორო, გულის წიაღში შეინახე.
  22. 22
    რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.
  23. 23
    ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
  24. 24
    მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.
  25. 25
    წინ იყურონ შენმა თვალებმა და პირდაპირი იყოს შენი მზერა შენს წინაშე.
  26. 26
    მოასწორე შენი ფეხის ბილიკი და ყველა შენი გზა განმტკიცდება.
  27. 27
    ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; განაშორე ფეხი ბოროტებას.
იტვირთება შემდეგი თავი