იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას,
- 2რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი.
- 3რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.
- 4ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.
- 5სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.
- 6სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.
- 7ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.
- 8შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,
- 9თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,
- 10შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.
- 11ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,
- 12იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;
- 13არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.
- 14ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”.
- 15სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან,
- 16რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?
- 17მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი.
- 18კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,
- 19მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!
- 20შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?
- 21რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
- 22ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.
- 23შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.
იტვირთება შემდეგი თავი