იგავნი სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1შვილო, თუ თავდებად ჩადექი შენი ახლობლისთვის და ხელი ხელზე დაარტყი უცხოსათვის,
- 2მახეში გაები შენი ბაგის ნათქვამით; დაჭერილი ხარ შენი სიტყვით.
- 3თუ ხელში ჩაუვარდი ახლობელს, ასე მოიქეცი შვილო და გადაირჩენ თავს: წადი, თავი დაიმდაბლე და ევედრე.
- 4თვალებს ძილს ნუ მიაკარებ და ქუთუთოებს - რულს,
- 5გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- 6ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე.
- 7არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი;
- 8ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს.
- 9როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ?
- 10ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად,
- 11და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით - გაჭირვება.
- 12უღირსი ადამიანი, ბოროტი კაცი, უკუღმართი პირით დაიარება,
- 13თვალს ჩაუკრავს, ფეხებითა და თითებით ანიშნებს.
- 14უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.
- 15ამის გამო უეცრად დაატყდება უბედურება, მყისიერად შეიმუსრება და არ ექნება კურნება.
- 16ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:
- 17ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
- 18ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,
- 19ცრუ მოწმე, სიცრუის გამავრცელებელი და ძმათა შორის განხეთქილების მთესველი.
- 20შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
- 21განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული.
- 22სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება.
- 23რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
- 24რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
- 25ნურც მის სილამაზეს ისურვებ გულში და ნურც მისი თვალების ხამხამი გაგიტაცებს,
- 26რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.
- 27განა ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსის დაუწველად?
- 28ნაკვერჩხლებზე თუ გაივლის ვინმე ფეხების დაუწველად?
- 29ასევეა მოყვასის ცოლთან მიმსვლელიც; დაუსჯელი ვერ გადარჩება, ვინც მოყვასის ცოლს მიეკარება.
- 30არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;
- 31მაგრამ თუ წაასწრებენ, შვიდმაგად ზღავს, თავისი სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
- 32ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია; თავს იღუპავს, ვინც ამას სჩადის.
- 33გვემასა და შერცხვენას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
- 34რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,
- 35არც რაიმე გამოსასყიდს მიიღებს და არც ძღვენთა სიმრავლეს დათანხმდება.
იტვირთება შემდეგი თავი