ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 117

  1. 1
    მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
  2. 2
    თქვას ისრაელმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
  3. 3
    თქვას აჰარონის სახლმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
  4. 4
    თქვან უფლის მოშიშებმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
  5. 5
    სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
  6. 6
    უფალი ჩემთანაა - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
  7. 7
    უფალი ჩემთანაა, ჩემს შემწეთა შორის, ამიტომ ვიზეიმებ ჩემს მტრებზე.
  8. 8
    უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე ადამიანზე დაიმედდე.
  9. 9
    უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე მთავრებზე დაიმედდე.
  10. 10
    ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
  11. 11
    გარს შემომერტყნენ, გარემომიცვეს - უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
  12. 12
    გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; აალებული ძეძვივით აბრიალდნენ - უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
  13. 13
    ძლიერად მკრეს ხელი ძირს დასაცემად, მაგრამ უფალი შემეწია მე.
  14. 14
    ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის.
  15. 15
    სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა.
  16. 16
    შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა.
  17. 17
    არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
  18. 18
    მკაცრად დამსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცა.
  19. 19
    გამიღეთ სიმართლის კარიბჭენი, შევალ და მადლობას მივაგებ უფალს,
  20. 20
    ეს არის კარიბჭე უფლისა, მართლები შევლენ შიგ.
  21. 21
    გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და ჩემი ხსნა გახდი.
  22. 22
    ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, ქვაკუთხედად იქცა.
  23. 23
    უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.
  24. 24
    ეს არის დღე, რომელიც უფალმა შექმნა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
  25. 25
    გევედრებით უფალო, გვიხსენი! გევედრებით უფალო, წარმატება მოგვეცი!
  26. 26
    კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის სახლიდან!
  27. 27
    უფალი ღმერთია და ის გვაძლევს სინათლეს; საბელით მიაბით სადღესასწაულო მსხვერპლი სამსხვერპლოს რქებზე.
  28. 28
    ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, აგამაღლებ შენ.
  29. 29
    მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 117 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა