ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 118
- 1ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.
- 2ნეტარ არიან მისი მცნებების შემნახველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.
- 3უმართლობას არ სჩადიან, მისი გზით დადიან;
- 4შენ გვიბრძანე, რომ მტკიცედ დაგვეცვა შენი ბრძანებები.
- 5ნეტამც წარმემართებოდეს გზები შენი წესების დასაცავად.
- 6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, ყოველ შენს მცნებას რომ შევხედავდი.
- 7წრფელი გულით განგადიდებ, როცა შენი სიმართლით განკითხვას ვისწავლი.
- 8დავიცავ შენს დადგენილებებს, სულ ნუ მიმატოვებ.
- 9როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ.
- 10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან.
- 11გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
- 12კურთხეულ ხარ, უფალო! მასწავლე შენი წესები.
- 13ჩემი ბაგეებით ვაცხადებ შენი პირის ყველა სამართალს.
- 14შენი მოწმობების გზაზე ვხარობ, ვითარცა დიდ სიმდიდრეზე.
- 15ვიფიქრებ შენს დადგენილებებზე და დავუკვირდები შენს გზებს.
- 16შენი წესებით გავიხარებ და შენს სიტყვას არ დავივიწყებ.
- 17კეთილი უყავ შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.
- 18ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.
- 19მწირი ვარ ამ ქვეყნად, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
- 20სული დამექანცა, ყოველჟამს შენი სამართლის წადილით.
- 21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
- 22სირცხვილი და შეურაცხყოფა ამაცილე, რადგან ვიცავდი შენს მოწმობებს.
- 23სხედან მთავრები და ჩემს წინააღმდეგ თათბირობენ, შენი მსახური კი შენს წესებზე ფიქრობს.
- 24შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის - ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.
- 25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
- 26გაუწყე ჩემი გზები და პასუხიც გამეცი; მასწავლე შენი წესები.
- 27შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.
- 28მწუხარებით გაილია ჩემი სული; შენი სიტყვით გამამაგრე.
- 29სიცრუის გზა განმაშორე და შენი რჯულისამებრ შემიწყალე.
- 30ერთგულების გზა ავირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
- 31შენს მოწმობებს მივეწებე; უფალო, ნუ შემარცხვენ.
- 32შენი მცნებების გზაზე ვირბენ, რადგან გულს მიფართოვებ.
- 33უფალო, მასწავლე შენი წესების გზა და ბოლომდე დავიცავ მას.
- 34მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი.
- 35დამაყენე შენი მცნებების კვალზე, რადგან მათში ვპოულობ სიხარულს.
- 36შენი მოწმობებისკენ მიმართე ჩემი გული და არა ანგარებისკენ.
- 37მომიბრუნე თვალი, რომ ამაოებას არ ვუყურო; შენი გზით მაცოცხლე.
- 38განუმტკიცე შენი ნათქვამი შენს მსახურს, რადგან შენი მოშიშია იგი.
- 39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან კარგია შენი სამართალი.
- 40აჰა, მწადია შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე.
- 41მოვიდეს ჩემზე შენი წყალობა, უფალო, და ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ,
- 42მაშინ პასუხს გავცემ ჩემს მლანძღველს, რადგან შენი სიტყვის იმედი მაქვს.
- 43სულ ნუ წაართმევ ჩემს ბაგეებს ჭეშმარიტების სიტყვას, რადგან შენს სამართალს მოველი.
- 44მუდამ დავიცავ შენს რჯულს, მარადიულად, უკუნისამდე.
- 45ფართო ადგილზე ვივლი, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავდი.
- 46მეფეთა წინ დავამოწმებ შენზე და არ შემრცხვება.
- 47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
- 48ხელებს აღვაპყრობ შენი მცნებებისკენ, რომლებიც მიყვარს და შენს დადგენილებებზე ვიფიქრებ.
- 49გაუხსენე შენს მსახურს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე.
- 50ის არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
- 51დიდად დამცინოდნენ ამპარტავანნი, მაგრამ შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
- 52ვიხსენებ შენს სამართალს, რომელიც ოდითგანვეა უფალო, და თავს ვინუგეშებ.
- 53მგზნებარე რისხვამ შემიპყრო ცოდვილთა გამო, რომლებმაც მიატოვეს შენი რჯული.
- 54სიმღერებად მექცა შენი წესები, ჩემი ხიზნობის სახლში.
- 55ღამღამობით ვიხსენებდი შენს სახელს უფალო და ვიცავ შენს რჯულს.
- 56ასეთია ჩემი ხვედრი: შენს ბრძანებებს ვიცავ.
- 57ვთქვი: უფალია ჩემი ხვედრი; დავიცავ მის სიტყვებს.
- 58გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
- 59ვუკვირდებოდი ჩემს გზებს და შენი მცნებისკენ ვიბრუნებდი ფეხს.
- 60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.
- 61საბელნი ბოროტეულთა გარს შემომერტყა, არ დავივიწყე შენი რჯული.
- 62შუაღამისას ავდგები, რომ მადლობა გითხრა, შენი სამართლიანი განკითხვების გამო.
- 63თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
- 64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; მასწავლე შენი წესდებანი.
- 65კეთილად ექცეოდი შენს მსახურს უფალო, შენი სიტყვისამებრ.
- 66კეთილი განსჯა და გაგება მასწავლე, რადგან მჯერა შენი მცნებებისა.
- 67ვცდებოდი, ვიდრე დავისაჯე; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
- 68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.
- 69ტყუილს თხზავენ ჩემზე ამპარტავანნი, მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
- 70უგრძნობი გახდა მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ.
- 71კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები.
- 72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
- 73შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
- 74შემხედავენ შენი მოშიშნი და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვაზე ვარ მონდობილი.
- 75ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განკითხვა, სამართლიანად დავისაჯე.
- 76ნეტავი შენი წყალობით მანუგეშებდე, როგორც აღუთქვი შენს მსახურს.
- 77წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო, რადგან მიყვარს შენი რჯული.
- 78შერცხვნენ ამპარტავნები, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ, მე კი შენს ბრძანებებს ჩავუკვირდები.
- 79დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი - შენი მოწმობების მცოდნენი.
- 80უბიწო იყოს შენ წინაშე გული ჩემი, რათა არ შევრცხვე.
- 81სული ჩემი გაილია შენმიერი ხსნის მოლოდინში, მაგრამ მაინც შენს სიტყვას ვენდობი.
- 82თვალები დამეღალა შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: როდის მანუგეშებ მე?
- 83კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე, მაგრამ მაინც არ დავივიწყე შენი წესები.
- 84რამდენია დღენი შენი მსახურისა? როდის აღასრულებ სამართალს ჩემს მდევნელებზე?
- 85ორმოებს მითხრიდნენ ქედმაღალნი, ისინი არ მიჰყვებიან შენს რჯულს.
- 86ყველა შენი მცნება ჭეშმარიტია; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
- 87ლამის მომსპონ ამ ქვეყანაზე. მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი.
- 88შენი წყალობით გამაცოცხლე, რათა დავიცვა შენი პირის მოწმობანი.
- 89უფალო, უკუნისამდეა განმტკიცებული შენი სიტყვა ზეცაში.
- 90თაობიდან თაობამდეა შენი ერთგულება; დააფუძნე ქვეყანა და დგას.
- 91შენი ბრძანებით დგანან დღესაც, რადგან შენი მსახურები არიან.
- 92შენი რჯული რომ არ მყვარებოდა, ჩემს ტანჯვაში დავიღუპებოდი.
- 93უკუნისამდე არ დავივიწყებ შენს ბრძანებებს, რადგან მათით მაცოცხლებდი.
- 94შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
- 95მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; მე კი შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
- 96ყოველგვარი სრულყოფილების დასასრული მინახავს; შენი მცნებანი კი ვრცელია, უსაზღვრო.
- 97როგორ მიყვარს შენი რჯული, მასზე ვფიქრობ მთელი დღე.
- 98ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენეს შენმა მცნებებმა, რადგან მარადის ჩემ წინაა ისინი.
- 99ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენს მოწმობებზე ვფიქრობ.
- 100მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს წესებს ვინახავ.
- 101ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
- 102შენი სამართლისგან არ გადამიხვევია, რადგან თვითონ შენ მასწავლიდი.
- 103რარიგ ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
- 104შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
- 105ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე - ჩემი ბილიკისთვის.
- 106დავიფიცე, რომ აღვასრულებდი შენს სამართალს და შევასრულებ კიდეც.
- 107მეტისმეტად დავიტანჯე; ღმერთო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
- 108მიიღე ნებაყოფილობითი შესაწირი ჩემი პირისა - გთხოვ, უფალო და მასწავლე შენი სამართალი.
- 109განუწყვეტლივ ჩემს ხელისგულზეა ჩემი სიცოცხლე და მაინც არ ვივიწყებ შენს რჯულს.
- 110მახე დამიგეს ბოროტებმა, მაგრამ არ გადამიხვევია შენი წესებიდან.
- 111საუკუნოდ დავიმკვიდრე შენი მოწმობანი, რადგან ჩემი გულის სიხარულია ისინი.
- 112ჩემი გული შენი წესების შესასრულებლად მივმართე უკუნითი უკუნისამდე.
- 113ორგული კაცი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
- 114ჩემი თავშესაფარი და ფარი ხარ, შენს სიტყვაზე ვარ მინდობილი.
- 115განმშორდით ბოროტმოქმედნო, რათა დავიცვა ჩემი ღმერთის მცნებანი.
- 116შემეწიე შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო და არ შევრცხვე ჩემს იმედში.
- 117შემეწიე და გადავრჩები, მუდამ შენს წესდებებს ჩავუკვირდები.
- 118უკუგდებული გყავს ყველა, ვინც შენს წესებს განუდგა, რადგან ყალბია მათი ხრიკები.
- 119ნარჩენებივით მოიშორე ქვეყნის ყოველი ბოროტი, ამიტომ შევიყვარე შენი მცნებები.
- 120შენი შიშით თრთის ჩემი სხეული და მეშინია შენი განკითხვისა.
- 121სამართალი და სიმართლე ვქმენი. ჩემს მჩაგვრელებს ნუ შემატოვებ.
- 122სასიკეთოდ გამოესარჩლე შენს მსახურს, რომ არ დამჩაგრონ ქედმაღლებმა.
- 123თვალები მომექანცა შენი ხსნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
- 124წყალობით მოეკიდე შენს მსახურს და შენი წესები მასწავლე.
- 125შენი მსახური ვარ, მომეცი გონიერება, რომ შევიცნო შენი მოწმობები.
- 126ჟამია, რომ იმოქმედო, უფალო, რადგან დაარღვიეს შენი რჯული.
- 127ამიტომ მიყვარს შენი მცნებები ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად.
- 128ამიტომაც სწორად მივიჩნიე ყოველი შენი ბრძანება, ხოლო ყოველი ცრუ გზა მოვიძულე.
- 129საოცარია შენი მოწმობები; ამიტომ ინახავს მათ ჩემი სული.
- 130სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს.
- 131პირი გავხსენი და ამოვიოხრე, რადგან შენი მცნებები მომენატრა.
- 132მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
- 133შენი ნათქვამით განმიმტკიცე ნაბიჯები, ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
- 134ადამიანის ჩაგვრისგან გამომისყიდე, რათა შევძლო შენი წესების დაცვა.
- 135შენი სახე გამოუბრწყინე შენს მსახურს და მასწავლე შენი წესდებანი.
- 136ცრემლის ნაკადები მომდის თვალებიდან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
- 137მართალი ხარ უფალო და სწორია შენი სამართალი.
- 138შენ დაადგინე შენი მცნებები სიმართლეში და სრულ ჭეშმარიტებაში.
- 139შემჭამა მოშურნეობამ, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
- 140ფრიად ხალასია შენი სიტყვა და უყვარს იგი შენს მსახურს.
- 141მცირე ვარ და მოძულებული, მაგრამ შენს წესდებებს არ ვივიწყებ.
- 142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია.
- 143გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს, მაგრამ შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის.
- 144მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.
- 145მთელი გულით მოგიხმობ; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
- 146მოგიხმობ, მიხსენი და შენს მოწმობებს დავიცავ.
- 147განთიადამდე ვდგები და შემოგღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
- 148ჩემი თვალები ღამის გუშაგობას ასწრებს, რათა ჩავუკვირდე შენს სიტყვას.
- 149ისმინე ჩემი ხმა შენი წყალობისამებრ; შენი სამართლით მაცოცხლე, ღმერთო.
- 150მომიახლოვდნენ ავისმზრახველნი; შორს დგანან ისინი შენი რჯულისგან.
- 151მაგრამ შენ ახლოს ხარ უფალო და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
- 152ძველთაგანვე ვიცი შენს მოწმობებზე, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
- 153იხილე ჩემი ტანჯვა და მიხსენი, რადგან არ დავივიწყე შენი რჯული,
- 154გამომესარჩლე და გამომისყიდე, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე.
- 155ბოროტთაგან შორსაა ხსნა, რადგან შენს კანონებს არ ეძიებენ.
- 156უხვია შენი წყალობა უფალო, შენი სამართლისამებრ მაცოცხლე.
- 157ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; მაგრამ შენი მოწმობებისთვის არ გადამიხვევია.
- 158ვიხილე განდგომილნი და შევიძულე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
- 159ნახე, როგორ შევიყვარე შენი წესები; ღმერთო, მაცოცხლე შენი წყალობისამებრ.
- 160ჭეშმარიტია შენი სიტყვა დასაბამიდან და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.
- 161უმიზეზოდ მდევნიან მთავარნი, მაგრამ შენი სიტყვების შიში აქვს ჩემს გულს.
- 162ისე მახარებს შენი სიტყვა, როგორც დიდი ნადავლის პოვნა.
- 163მძულს და მძაგს სიცრუე, შენი რჯული კი მიყვარს.
- 164დღეში შვიდჯერ გაქებ შენი სამართლიანი განკითხვისთვის.
- 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთათვის და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
- 166შენმიერი ხსნის იმედი მაქვს, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებ.
- 167შენს მოწმობებს იცავს სული ჩემი და ძლიერ მიყვარს ისინი.
- 168შენს წესებსა და მოწმობებს ვიცავ, რადგან შენ წინაშეა ყველა ჩემი გზა.
- 169ღმერთო, მოაღწიოს შენამდე ჩემმა ღაღადმა; მომეცი გონიერება შენი სიტყვისამებრ.
- 170მოვიდეს ჩემი ვედრება შენ წინაშე; მიხსენი შენი სიტყვისამებრ.
- 171გაქონ ჩემმა ბაგეებმა, რადგან შენ მასწავლე წესები შენი.
- 172შენს სიტყვაზე იგალობებს ენა ჩემი, რადგან შენი ყველა მცნება სიმართლეა.
- 173შენი ხელი შემეწიოს, რადგან შენი ბრძანებანი ავირჩიე.
- 174შენმიერ ხსნას ვნატრობ ღმერთო, შენი რჯული საამურია ჩემთვის.
- 175იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს; შემეწიოს შენი სამართალი.
- 176დაკარგული ცხვარივით ამებნა გზა; მოძებნე შენი მსახური, რადგან შენი მცნებები არ დავივიწყე.
იტვირთება შემდეგი თავი