ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 134

  1. 1
    ადიდეთ უფლის სახელი, ადიდეთ იგი, მსახურნო უფლისა!
  2. 2
    უფლის სახლში რომ დგახართ, ჩვენი ღმერთის სახლის ეზოებში.
  3. 3
    ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია; მის სახელს უგალობეთ, რადგან საამურია ის.
  4. 4
    რადგან იაკობი ამოირჩია უფალმა, ისრაელი - თავის კუთვნილებად.
  5. 5
    რადგან ვიცი, რომ დიდია უფალი; ჩვენი უფალი ყველა ღმერთზე დიდია.
  6. 6
    რასაც მოისურვებს, ყოველივეს აკეთებს უფალი, ცაში და დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში.
  7. 7
    ქვეყნის კიდეებიდან ამოჰყავს ღრუბლები, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.
  8. 8
    მან მოსრა ეგვიპტის პირმშონი - ადამიანიდან პირუტყვამდე.
  9. 9
    ნიშნები და სასწაულები მოავლინა შენ შორის ეგვიპტევ, ფარაონსა და ყველა მის მსახურზე.
  10. 10
    მოსრა მრავალი ერი და დახოცა ძლიერი მეფენი.
  11. 11
    ამორელთა მეფე სიხონი, ბაშანის მეფე ყოგი და ქანაანის ყველა სამეფო.
  12. 12
    მან მისცა მათი მიწა სამკვიდროდ, მემკვიდრეობად გადასცა თავის ხალხს, ისრაელს.
  13. 13
    უფალო, მარადიულია შენი სახელი და თაობიდან თაობამდეა შენი ხსენება.
  14. 14
    რადგან განიკითხავს თავის ხალხს უფალი და შეიბრალებს თავის მსახურთ.
  15. 15
    ვერცხლი და ოქროა ხალხთა კერპები, ადამიანის ნახელავი.
  16. 16
    პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
  17. 17
    ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც სუნთქვა გააჩნია მათ პირებს.
  18. 18
    მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებელნი, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
  19. 19
    ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი; აჰარონის სახლო, აკურთხე უფალი!
  20. 20
    ლევის სახლო, აკურთხე უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
  21. 21
    კურთხეულ იყოს სიონიდან უფალი, რომელიც იერუსალიმში მკვიდრობს. ადიდეთ უფალი!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 134 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა