ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 21

  1. 1
    ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ?
  2. 2
    ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით - არ მპასუხობ, ღამით - და არა მაქვს მოსვენება.
  3. 3
    შენ კი წმიდაო, ისრაელის ხოტბათა შორის მკვიდრობ.
  4. 4
    შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები, გენდობოდნენ და იხსენი კიდეც.
  5. 5
    შენ შემოგღაღადეს და გადარჩნენ; მოგენდნენ და არ გაწბილებულან.
  6. 6
    მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერის მიერ.
  7. 7
    ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.
  8. 8
    უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი.
  9. 9
    რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან და დამამშვიდე მის მკერდზე.
  10. 10
    დაბადებიდანვე შენ მოგანდეს ჩემი თავი; დედის მუცლიდანვე ჩემი ღმერთი ხარ შენ.
  11. 11
    ნუ განმშორდები, რადგან ახლოა უბედურება, შემწე კი არავინაა.
  12. 12
    უამრავი ხარი შემომერტყა გარს, ალყაში მომიქციეს ბაშანის ძლიერმა ხარებმა.
  13. 13
    პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, მსხვერპლს დადევნებული და მბრდღვინავი ლომივით.
  14. 14
    წყალივით დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს შინაგანში.
  15. 15
    თიხასავით გამოიფიტა ჩემი ძალა; ენა სასაზე მიმეკრა, ჩამიყვანე სიკვდილის მტვერში.
  16. 16
    რადგან გარს შემომეხვივნენ ძაღლები, ბოროტმოქმედთა ხროვა წრედ შემომერტყა, ხელ-ფეხი განმიგმირეს.
  17. 17
    მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ნიშნის მოგებით მიყურებენ.
  18. 18
    ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს მოსასხამზე.
  19. 19
    შენ კი, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
  20. 20
    იხსენი ჩემი სული მახვილისგან და ძაღლებისგან სიცოცხლე ჩემი.
  21. 21
    ლომის ხახისგან მიხსენი და გარეული ხარების რქისგან.
  22. 22
    ვუამბობ ჩემს ძმებს შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგასხამ ხოტბას.
  23. 23
    უფლის მოშიშნო, აქეთ იგი; ადიდეთ იგი, იაკობის შთამომავალნო და გეშინოდეს მისი, ისრაელის მთელო მოდგმავ.
  24. 24
    რადგან არ მოიძულა და არ უგულებელყო მან ჩაგრულის ტანჯვა და არ დაუფარავს სახე მისგან, არამედ უსმინა მას, როცა საშველად მოუხმობდა.
  25. 25
    ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე აღგისრულებ აღთქმულს.
  26. 26
    შეჭამენ ღარიბები და დანაყრდებიან, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; უკუნისამდე იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
  27. 27
    გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი.
  28. 28
    რადგან უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის მბრძანებელი ერებისა.
  29. 29
    შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.
  30. 30
    შთამომავლობა მოემსახურებიან მას და თაობებს მოუთხრობენ უფლის შესახებ.
  31. 31
    მოვლენ და განუცხადებენ მის სიმართლეს ხალხს, ჯერ არ შობილს და მოუთხრობენ იმაზე, რაც უფალმა მოიმოქმედა.
იტვირთება შემდეგი თავი