ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 20

  1. 1
    უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენმიერი ხსნით მოილხენს დიდად.
  2. 2
    შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.
  3. 3
    კეთილი კურთხევით შეეგებე, თავზე წმიდა ოქროს გვირგვინი დაადგი.
  4. 4
    სიცოცხლე გთხოვა და მიეცი, დღეგრძელობა - უკუნითი უკუნისამდე.
  5. 5
    დიდია ღირსება მისი, რადგან შენგანაა მისი ხსნა. შენ შეამკე პატივითა და დიდებით.
  6. 6
    რადგან სამუდამო კურთხევა დაუდგინე, შენ წინაშე ყოფნით გაახარე.
  7. 7
    ვინაიდან უფალზეა მინდობილი მეფე და არ შეირყევა უზენაესის წყალობით.
  8. 8
    მისწვდება შენი ხელი ყველა შენს მტერს და მარჯვენა - შენს მოძულეებს.
  9. 9
    აგიზგიზებულ თონეს დაამსგავსებ მათ შენი გამოჩენის ჟამს; თავისი რისხვით ჩაყლაპავს უფალი, ცეცხლი შთანთქავს მათ.
  10. 10
    მიწიდან აღგვი მათ ნაშიერს და მათ შთამომავლობას - ადამიანის ძეთაგან.
  11. 11
    რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტებას გეგმავდნენ და ვერაფერს გახდებიან,
  12. 12
    რადგან შენ უკუაქცევ მათ, მშვილდს მოჭიმავ მათი სახისკენ.
  13. 13
    ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლევამოსილებას.
იტვირთება შემდეგი თავი