ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 26

  1. 1
    უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა - ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი - ვინ შემაძრწუნებს?
  2. 2
    როცა ბოროტნი თავს დამესხმიან ჩემი სხეულის შესასანსლად - თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან ჩემი მჩაგვრელნი და მტერნი.
  3. 3
    ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
  4. 4
    ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარში ფიქრს ვეძლეოდე.
  5. 5
    რადგან თავის კარავში შემიფარებს გაჭირვების ჟამს და თავისი კარვის სამალავში დამმალავს, კლდეზე მომამაღლებს.
  6. 6
    ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
  7. 7
    უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
  8. 8
    შენ უთხარი ჩემს გულს: ეძიეთ ჩემი სახე! შენს სახეს მოვძებნი უფალო.
  9. 9
    ნუ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს, ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო.
  10. 10
    თუნდაც მიმატოვოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე.
  11. 11
    მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
  12. 12
    ნუ გადამცემ ჩემი შემავიწროებლების ხელთ, რადგან აღდგნენ ცრუმოწმენი ჩემს წინააღმდეგ და ძალადობით სუნთქავენ,
  13. 13
    თუმცა მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში!
  14. 14
    მიენდე უფალს, გამხნევდი და გაიმაგრე გული! მიენდე უფალს!
იტვირთება შემდეგი თავი