გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1და გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე; ფერხთით მთვარე ჰქონდა, ხოლო თავზე გვირგვინი ედგა თორმეტი ვარსკვლავით.
- 2ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
- 3სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა ედგა.
- 4ციდან კუდით წამოითრია ვარსკვლავების მესამედი და დედამიწაზე მოისროლა; დადგა გველეშაპი დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
- 5და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
- 6დედაკაცი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც მისთვის ღვთის მიერ იყო ადგილი მომზადებული, რათა გამოეკვებათ იქ ათას ორას სამოცი დღე.
- 7შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად,
- 8მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში;
- 9და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
- 10და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: "დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
- 11და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
- 12ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.
- 13როცა დაინახა გველეშაპმა, რომ მიწაზე იქნა გადმოგდებული, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა;
- 14და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული.
- 15ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
- 16მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან.
- 17განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.
იტვირთება შემდეგი თავი