გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 13

  1. 1
    და დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, შვიდი თავი და ათი რქა რომ ჰქონდა; რქებზე ათი დიადემა ედგა, თავებზე კი - საგმობი სახელები.
  2. 2
    მხეცი, მე რომ ვიხილე, ავაზას ჰგავდა; ფეხები დათვის ტორებს მიუგავდა, პირი - ლომის ხახას; და მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება.
  3. 3
    და ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა; და მთელი დედამიწა განცვიფრებული გაჰყვა მხეცს.
  4. 4
    და თაყვანი სცეს გველეშაპს, ძალაუფლება რომ მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა? ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?
  5. 5
    და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი; და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ.
  6. 6
    გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი.
  7. 7
    და მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ძალაუფლება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე;
  8. 8
    და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.
  9. 9
    ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
  10. 10
    ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა; ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.
  11. 11
    და ვიხილე მიწიდან ამომავალი სხვა მხეცი; რომელსაც კრავის მსგავსი ორი რქა ჰქონდა, თუმცა ლაპარაკობდა როგორც გველეშაპი.
  12. 12
    ის პირველი მხეცის მთელი ძალაუფლებით მოქმედებდა მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა განეკურნა.
  13. 13
    და ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე.
  14. 14
    აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად; ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელიც დაიჭრა მახვილით, მაგრამ გაცოცხლდა.
  15. 15
    და მიეცა უფლება, რომ სული შთაებერა მხეცის ხატებისთვის, რათა მხეცის ხატებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
  16. 16
    და ყველას - პატარებს და დიდებს, მდიდრებს და ღარიბებს, თავისუფლებს და მონებს - მიაღებინა ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.
  17. 17
    რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.
  18. 18
    აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.
იტვირთება შემდეგი თავი