გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
- 2გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
- 3ახალ საგალობელს გალობდნენ ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე; არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა.
- 4ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.
- 5სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
- 6და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.
- 7დიდი ხმით ამბობდა: "გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.
- 8სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: "დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
- 9მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
- 10ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
- 11მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.
- 12აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
- 13და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: "დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.
- 14და ვიხილე, აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი; თავზე ოქროს გვირგვინი ადგას და ხელში ბასრი ნამგალი უჭირავს.
- 15გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: "გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”.
- 16ჩამოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.
- 17სხვა ანგელოზიც გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია; მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
- 18გამოვიდა სამსხვერპლოდან სხვა ანგელოზიც, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.
- 19ჩამოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
- 20დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან ცხენების აღვირებამდე, ათას ექვსას სტადიონამდე.
იტვირთება შემდეგი თავი