გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 16

  1. 1
    და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: "წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”.
  2. 2
    წავიდა პირველი და გადმოღვარა თავისი თასი მიწაზე; და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები იმ ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
  3. 3
    გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა სისხლად თითქოს მკვდრისა; და დაიხოცა ყოველი ცოცხალი არსება ზღვაში.
  4. 4
    გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
  5. 5
    გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: "მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
  6. 6
    ვინაიდან დაღვარეს მათ წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და სისხლი მიეცი მათ სასმელად, რადგან დაიმსახურეს”.
  7. 7
    გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: "დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
  8. 8
    გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და ადამიანების ცეცხლით დაწვა მიეცა მას.
  9. 9
    იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
  10. 10
    გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ.
  11. 11
    გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო; და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
  12. 12
    გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
  13. 13
    ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.
  14. 14
    ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.
  15. 15
    "აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.
  16. 16
    და მოაგროვა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
  17. 17
    გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელმაც თქვა: "აღსრულდა!”
  18. 18
    იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!
  19. 19
    სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
  20. 20
    და გაიქცა ყველა კუნძული და აღარ იყო მთები.
  21. 21
    ციდან ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ადამიანებზე; და გმობდნენ დასეტყვილი ადამიანები ღმერთს, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მათი წყლული.
იტვირთება შემდეგი თავი