გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 17

  1. 1
    მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.
  2. 2
    რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.
  3. 3
    სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.
  4. 4
    დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა.
  5. 5
    შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.
  6. 6
    და დავინახე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და როცა ვიხილე, დიდად გამიკვირდა.
  7. 7
    მაშინ მითხრა ანგელოზმა: "რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, მას რომ ატარებს.
  8. 8
    მხეცი, შენ რომ იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ უფსკრულიდან ამოვა და დაღუპვისკენ წავა; დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, მხეცს რომ დაინახავენ, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
  9. 9
    აქ არის გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზეც ეს დედაკაცი ზის;
  10. 10
    მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.
  11. 11
    მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისკენ მიდის.
  12. 12
    ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას როგორც მეფეები, ერთი საათით.
  13. 13
    მათ ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.
  14. 14
    ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.
  15. 15
    და მითხრა: "ეს წყლები, შენ რომ იხილე, სადაც მეძავი ზის, ხალხები და ბრბოები, ტომები და ენები არიან.
  16. 16
    ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ, მას კი ცეცხლში დაწვავენ.
  17. 17
    ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.
  18. 18
    ხოლო დედაკაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელიც მეფობს დედამიწის მეფეებზე.
იტვირთება შემდეგი თავი