გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 18
- 1ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.
- 2დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: "დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის საპყრობილედ; და ყოველი ბილწი მხეცისა და არაწმიდა ფრინველის საპყრობილედ;
- 3ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.
- 4გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: "გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.
- 5ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
- 6მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით; სასმისი, რომელსაც ღვინით გივსებდათ, ორმაგად შეუვსეთ მას.
- 7რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
- 8ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
- 9და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.
- 10მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში დადგა შენი განკითხვა.
- 11დედამიწის ვაჭრები დაიტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
- 12ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
- 13დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სიცოცხლეს.
- 14შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.
- 15ყოველივე ამით მოვაჭრენი, მისგან რომ გამდიდრდნენ, შორს გადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
- 16იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,
- 17რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე. ყოველი მესაჭე, და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს გადგა.
- 18მოსთქვამდნენ მისი ხანძრის კვამლს რომ უყურებდნენ, და ამბობდნენ: რომელი ქალაქი ჰგავდა ამ დიდ ქალაქს?
- 19თავზე მტვერი დაიყარეს და მოსთქვამდნენ ტირილითა და გლოვით: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებითაც გამდიდრდა ყველა, ვინც ხომალდით დაცურავდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაუდაბურდა.
- 20გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.
- 21ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა, გადააგდო ზღვაში და თქვა: "ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.
- 22ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.
- 23ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.
- 24მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდანთა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.
იტვირთება შემდეგი თავი