გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 19
- 1ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
- 2რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
- 3კიდევ თქვეს: "ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე”.
- 4დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და ამბობდნენ: "ამინ! ალილუია!”
- 5გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
- 6და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
- 7გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
- 8და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.
- 9და მითხრა: "დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი”. მითხრა: "ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვებია ესენი”.
- 10და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
- 11ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
- 12მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
- 13სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია ‘ღმერთის სიტყვა’.
- 14ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი.
- 15მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
- 16სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: "მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
- 17ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. მან დიდი ხმით შესძახა და უთხრა ყოველ ფრინველს, შუა ცაში რომ დაფრინავდა: "მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ სერობაზე,
- 18რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, პატარებისა და დიდების ხორცი”.
- 19და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
- 20და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
- 21დანარჩენები კი ცხენზე მჯდომის პირიდან გამოსული მახვილით ამოიხოცნენ, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
იტვირთება შემდეგი თავი