გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1და ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა.
- 2შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
- 3ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.
- 4და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.
- 5სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა.
- 6ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს; ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.
- 7ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან;
- 8და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
- 9და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.
- 10ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
- 11ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი.
- 12ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.
- 13მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.
- 14სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
- 15ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.
იტვირთება შემდეგი თავი