გამოცხადება — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1დააყვირა მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი; და მიეცა მას უფსკრულის ჯურღმულის გასაღები.
- 2და გააღო უფსკრულის ჯურღმული და ამოვიდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი; დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისგან.
- 3კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე და მიეცა მათ ისეთი ძალაუფლება, დედამიწის მორიელებს რომ აქვთ.
- 4და ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ დედამიწის ბალახეულობა, არც არავითარი მწვანილეულობა და არც არავითარი ხე, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც ღვთის ბეჭედი არა აქვთ შუბლზე.
- 5და მიეცა მათ უფლება, რომ არ დაეხოცათ, არამედ მხოლოდ ეწამებინათ ისინი ხუთ თვეს; და მათი წამება ჰგავს წამებას მორიელისგან, ადამიანს რომ დაგესლავს.
- 6იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან; სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.
- 7შესახედაობით კალიები საომრად გამზადებულ ცხენებს წააგავდნენ; თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახე ადამიანის სახეს მიუგავდათ.
- 8თმები ჰქონდათ, როგორც დედაკაცებს, ხოლო კბილები - როგორც ლომის ეშვები.
- 9ჯავშანი ჰქონდათ, როგორც რკინისა, ხოლო მათი ფრთების ხმა ჰგავდა საომრად აჩქარებულ მრავალი ეტლისა და ცხენის გრიალს.
- 10კუდები მორიელს მიუგავდათ, და ნესტრებიც; და კუდებში ჰქონდათ ადამიანების ხუთი თვით წამების ძალაუფლება.
- 11მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, ებრაულად აბადონი რომ ჰქვია, ხოლო ბერძნულად - აპოლიონი.
- 12ერთმა უბედურებამ ჩაიარა; აჰა, კიდევ ორი მოდის მის შემდეგ.
- 13დააყვირა მეექვსე ანგელოზმა და ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისგან ერთის ხმა გავიგონე.
- 14უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირი რომ ჰქონდა: "ახსენი ოთხი ანგელოზი, დიდ მდინარე ევფრატზე რომ არიან შეკრულნი;
- 15და აიხსნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც იმ საათისა და დღის, თვისა და წლისთვის იყვნენ გამზადებულნი, ადამიანთა მესამედი რომ უნდა ამოეწყვიტათ.
- 16მათი მხედრობის რიცხვი იყო ორასი ათასჯერ ათასი; მე მოვისმინე მათი რიცხვი.
- 17ასე ვიხილე ჩვენებაში ცხენები და მხედრები, რომელთაც ეკეთათ ცეცხლოვანი, ალისფერი და გოგირდოვანი ჯავშნები; ცხენების თავები, როგორც ლომთა თავები; პირიდან ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევდნენ.
- 18ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისგან, მათი პირიდან რომ გამოდიოდა, ადამიანთა მესამედი დაიხოცა;
- 19ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებსა და მათ კუდებშია; მათი კუდები გველებს ჰგავს და აქვთ თავები, რომლებითაც აზიანებენ ადამიანებს.
- 20დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის საქმენი, რომ თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.
- 21არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობანი, არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი მეძავობანი და არც თავიანთი ქურდობანი.
იტვირთება შემდეგი თავი