რომაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
  2. 2
    ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.
  3. 3
    რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
  4. 4
    ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.
  5. 5
    რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
  6. 6
    ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: "ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?” ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად;
  7. 7
    ანდა: "ვინ ჩავა უფსკრულში?” ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
  8. 8
    მაგრამ რას ამბობს იგი? "ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
  9. 9
    იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.
  10. 10
    ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
  11. 11
    რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
  12. 12
    და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.
  13. 13
    რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
  14. 14
    მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
  15. 15
    და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”
  16. 16
    მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?”
  17. 17
    ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
  18. 18
    მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს - მათი სიტყვები.
  19. 19
    მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ იცოდა ისრაელმა? პირველად მოსე ამბობს: "მე გავაღვივებ თქვენში შურს არა-ხალხით, გაგარისხებთ უგუნური ხალხით”.
  20. 20
    ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: "მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა; გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა”.
  21. 21
    ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.
იტვირთება შემდეგი თავი