რომაელთა მიმართ — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
- 2რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
- 3ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
- 4რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც.
- 5მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.
- 6მაგრამ ისე კი არა, თითქოს ღვთის სიტყვა დაეცაო, რადგან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
- 7და ყველა, ვინც აბრაჰამის თესლია, მისი შვილი როდია, ვინაიდან ითქვა: "ისაკში იწოდება შენი თესლი”.
- 8ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
- 9რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”.
- 10და არა მარტო ეს, არამედ ასე დაემართა რებეკასაც, როცა მას ჩაესახა ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან;
- 11ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
- 12საქმეთა მიხედვით კი არა, მომწოდებლისაგან ეთქვა მას: "უფროსი დაემონება უმცროსს”.
- 13როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.
- 14თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
- 15რადგან ეუბნება მოსეს: "მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
- 16ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
- 17ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: "სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.
- 18ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
- 19შენ მეტყვი: აბა, რაღატომ სდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგებაო წინ?
- 20ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
- 21ნუთუ მექოთნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ ერთი და იგივე თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
- 22მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
- 23რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
- 24ჩვენზე, რომლებსაც მან მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
- 25როგორც ოსიაში ამბობს, არა ჩემს ხალხს ვუწოდებ ჩემს ხალხს და არა საყვარელს - საყვარელს.
- 26და იქნება, რომ სადაც ეთქვათ, არა ხართო ჩემი ხალხი, იქვე იწოდებიან ცოცხალი ღვთის ძეებად.
- 27ესაია კი ღაღადებს ისრაელზე: "ზღვის ქვიშასავით რომ იყოს ისრაელის ძეთა რიცხვი, ნაწილი გადარჩება”.
- 28რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე.
- 29და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: "ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და დავემსგავსებოდით გომორელებს”.
- 30მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;
- 31ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.
- 32რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
- 33როგორც წერია: "აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
იტვირთება შემდეგი თავი