რუთი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ძალზე შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი.
  2. 2
    უთხრა მოაბელმა რუთმა ნაყომის: "წავალ ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიც მადლს ვპოვებ”. უთხრა ნაყომიმ: "წადი, ჩემო ასულო!”
  3. 3
    წავიდა რუთი და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე აღმოჩნდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
  4. 4
    აჰა, მოვიდა ბოყაზიც ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: "უფალი იყოს თქვენთან!” უპასუხეს: "უფალმა გაკურთხოს!”
  5. 5
    ჰკითხა ბოყაზმა მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: "ვისია ეს ყმაწვილქალი?”
  6. 6
    მიუგო მომკელთა უფროსმა და უთხრა: "მოაბელია ეს ყმაწვილქალი, ნაყომისთან ერთად დაბრუნდა მოაბის ველიდან.
  7. 7
    გვთხოვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთო მომკელთა კვალზე. დილიდან მოყოლებული შრომობს, მხოლოდ მცირე ხნით შეისვენა სახლში”.
  8. 8
    მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: "მომისმინე, ჩემო ასულო, სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.
  9. 9
    აი, ყანა, რომელსაც მკიან; იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებს ვუბრძანე, რომ არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდა, მიდი ჭურჭლებთან, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს და დალიე”.
  10. 10
    პირქვე დაემხო რუთი და თაყვანი სცა მიწამდე. უთხრა: "რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხოტომელი შემამჩნიე?”
  11. 11
    უთხრა ბოყაზმა: "გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ: როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო ქვეყანა და მოხვედი ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე.
  12. 12
    უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.
  13. 13
    უპასუხა ქალმა: "მადლი მიპოვია შენს თვალში, ჩემო ბატონო, რაკი მანუგეშე და გულითადად მელაპარაკე შენს მხევალს, თუმცა შენი მხევლობის ღირსიც კი არა ვარ”.
  14. 14
    უთხრა ბოყაზმა ჭამის დროს: "მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ამოაწე ღვინოში”. დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით და მიაწოდა ბოყაზმა მოხალული მარცვალი. ჭამა, დანაყრდა და კიდეც დარჩა შეუჭმელი.
  15. 15
    როცა ადგა რუთი ასაკრეფად, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: "ძნებს შორისაც აკრიფოს, არ დააყვედროთ.
  16. 16
    კონებიდანაც მოუტოვეთ, აკრიფოს, ნუ დააყვედრებთ”.
  17. 17
    საღამომდე კრეფდა რუთი ყანაში, გალეწა ანაკრეფი და ერთ ეფამდე გამოუვიდა ქერის მარცვალი.
  18. 18
    აიღო და წავიდა ქალაქში; და ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც დანაყრების შემდეგ დარჩა და მისცა დედამთილს.
  19. 19
    უთხრა დედამთილმა: "სად აკრიფე დღეს, სად იმუშავე? კურთხეულ იყოს ის მადლიანი!” უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: "ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი”.
  20. 20
    უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: "უფალმა აკურთხოს იგი, რადგან მკვდრებიც შეიწყალა და ცოცხლებიც”. უთხრა ნაყომიმ: "ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი ახლო ნათესავთაგანი”.
  21. 21
    თქვა მოაბელმა რუთმა: "ისიც მითხრა, მომკელებთან დარჩი, სანამ ჩემს სამკალს არ მორჩებიანო”.
  22. 22
    უთხრა ნაყომიმ რუთს, თავის რძალს: "კარგია, ჩემო ასულო, რომ ყანაში მის მსახურ ქალებთან ერთად გახვალ და არავის გადააწყდები სხვის ყანაში!”
  23. 23
    და მიეწება რუთი ბოყაზის მსახურ ქალებს, კრეფდა თავთავს, სანამ ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.
იტვირთება შემდეგი თავი