რუთი — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 3

  1. 1
    უთხრა ერთ დღეს რძალს მისმა დედამთილმა, ნაყომიმ: "ჩემო ასულო, ისეთი თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, სადაც სიკეთე გეწევა.
  2. 2
    განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.
  3. 3
    დაიბანე, ნელსაცხებელი წაიცხე, შენი საუკეთესო სამოსი ჩაიცვი, მერე ჩადი კალოზე, მაგრამ ვიდრე ჭამა-სმა არ დასრულდება, იმ კაცს არ დაენახო.
  4. 4
    როცა დაწვება დასაძინებლად, გაიგე სად წევს, მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი; და ის თვითონ გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე”.
  5. 5
    უპასუხა რუთმა: "როგორც მეუბნები, ისე მოვიქცევი”.
  6. 6
    ჩავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც უთხრა დედამთილმა.
  7. 7
    ჭამა და სვა ბოყაზმა, გამხიარულდა მისი გული, მივიდა ზვინის კიდესთან და დაწვა დასაძინებლად. რუთიც მივიდა ფარულად, გადახადა და მიუწვა ფერხთით.
  8. 8
    შუაღამისას შეკრთა კაცი, წამოიწია და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით!
  9. 9
    ჰკითხა ბოყაზმა: "ვინა ხარ?” უპასუხა: "მე ვარ, რუთი, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ”.
  10. 10
    უთხრა ბოყაზმა: "კურთხეული ხარ უფლის მიერ, ჩემო ასულო! ეს საქციელი პირვანდელს სჯობია, რადგან ჭაბუკთ არ გამოედევნე, არც გლახაკთ, არც მდიდართ!
  11. 11
    ახლა ნუ გეშინია! რასაც მეტყვი, შეგისრულებ, რადგან იცის ქალაქის ყოველმა მკვიდრმა, რომ უმწიკვლო ქალი ხარ.
  12. 12
    თუმცა ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლო ნათესავიც გყავს.
  13. 13
    აქ დარჩი ამაღამ, დილით კი, თუ ის გამოგისყიდის, კეთილი, გამოგისყიდოს; ხოლო, თუ არ მოისურვა შენი გამოსყიდვა, მაშინ ცოცხალია უფალი, მე გამოგისყი­დი! იწექი აქ დილამდე”.
  14. 14
    დილამდე იწვა რუთი მის ფეხთით და ადგა გარიჟრაჟამდე, სანამ კაცი თავის მოყვასს გაარჩევდა. თქვა ბოყაზმა: "არავინ გაიგოს, რომ ქალი იყო კალოზე”.
  15. 15
    უთხრა რუთს: "აიღე თავსაფარი, რომელიც გახურავს და დამიჭირე”. მანაც დაიჭირა; ექვსი საწყაული ქერი ჩაუყარა ბოყაზმა და ზურგზე აჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.
  16. 16
    მივიდა რუთი თავის დედამთილთან და ჰკითხა მან: "რა მოხდა, ჩემო ასულო?” და ყოველივე უამბო რუთმა, რაც გაუკეთა იმ კაცმა.
  17. 17
    უთხრა: "ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა და მითხრა, ხელცარიელი ნუ მიხვალო დედამთილთან”.
  18. 18
    უთხრა ნაყომიმ: "დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე გაიგებ, რით დასრულდება ეს საქმე; არ გაჩერდება ის კაცი, სანამ დღესვე არ მოათავებს ყველაფერს”.
იტვირთება შემდეგი თავი