ქებათა-ქება სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
თავი 1
- 1ქების სიმღერა სოლომონისა.
- 2მეამბორე შენი ბაგის ამბორით, რადგან ღვინოზე უმჯობესია შენი ალერსი.
- 3საამურია შენი ნელსაცხებლის სურნელი, ხოლო შენი სახელი დაღვრილი ნელსაცხებელია! ამიტომ შეგიყვარეს ქალწულებმა.
- 4მიმიზიდე და ერთად გავიქცეთ. თავის შიდა ოთახებში შემიყვანა მეფემ! ვილხენთ და ვიმხიარულებთ შენით, ღვინოზე მეტად ვაქებთ შენს სიყვარულს; ღირსეულად შეგიყვარეს შენ.
- 5ასულნო იერუსალიმისა, შავგვრემანი ვარ, მაგრამ კედარის კარვებივით და სოლომონის ფარდაგებივით მშვენიერი.
- 6ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზისგან დავიწვი: დედაჩემის ძენი გამიწყრნენ და ვენახის მცველად დამაყენეს, ჩემს ვენახს კი ვერ ვუდარაჯე.
- 7მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად მწყემსავ და სად ემალები შუადღის ხვატს? რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარეხთა შორის?
- 8თუ არ იცი, მშვენიერო ასულთა შორის, გაჰყევი ფარის ნაკვალევ და მწყემსთა კარვების მახლობლად აძოვე შენი თიკნები.
- 9ფარაონის ეტლში შებმულ ჩემს ფაშატს მიგამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
- 10შენი ღაწვები მძივებივით მშვენიერია, ყელი - მარგალიტივით.
- 11ვერცხლით დაწინწკლული ოქროს საყურეებით შეგამკობ.
- 12სანამ სუფრას უჯდა მეფე, სურნელი მოაფრქვია ჩემმა ნარდიონმა.
- 13ჩემი მიჯნური მურის კონასავითაა, ჩემს ძუძუებს შორის რომ ათევს ღამეს.
- 14ჰენნას მტევანია ჩემთვის ჩემი მიჯნური ყენგადის ვენახებში.
- 15რა მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, რა მშვენიერი! მტრედებივითაა შენი თვალები.
- 16რა მშვენიერი ხარ, ჩემო მიჯნურო და რა საამური! ამწვანებული მდელოა ჩვენი სარეცელი,
- 17სვეტები ჩვენი სახლისა - კედრებია, ჭერი კი - კვიპაროსები!
იტვირთება შემდეგი თავი