ქებათა-ქება სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1მე შარონის ვარდი ვარ და ველის შროშანი.
- 2როგორც შროშანი ეკლებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ასულთა შორის.
- 3როგორც ვაშლის ხე ტყის ხეთა შორის, ისეა ჩემი მიჯნური ჭაბუკთა შორის. ვისურვე მისი ჩრდილი და დავჯექი, მისი ნაყოფი ეტკბო ჩემს სასას.
- 4ღვინის სახლში შემიყვანა და სიყვარულის ალამი დამადგა თავზე.
- 5ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!
- 6თავქვეშ მედოს მისი მარცხენა, მარჯვენა კი მეხვეოდეს.
- 7გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ველის ქურციკებსა და ფურირმებს გაფიცებთ, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს!
- 8ხმაა ჩემი მიჯნურის! აჰა, მოდის იგი, მთებზე მოხტის და ბორცვებზე მოილტვის.
- 9ქურციკს ჰგავს ჩემი მიჯნური, ახალგაზრდა ირემს; აჰა, ჩვენი ზღუდის უკან დგას იგი, ცხაურებს შორის, სარკმელში იჭვრიტება.
- 10მომიგო ჩემმა მიჯნურმა და მითხრა: ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი!
- 11რადგან, აჰა, მიიწურა ზამთარი, გადაიარეს წვიმებმა და წავიდნენ.
- 12ყვავილები გამოჩნდნენ მიწაზე, გალობის ჟამმა მოაღწია და გვრიტის ხმა ისმის ჩვენს მხარეში.
- 13ლეღვმა ნაყოფი გამოისხა და აყვავებული ვაზები სურნელებას აფრქვევენ. ადექი, სატრფოვ ჩემო, ჩემო მშვენიერო, და წამომყევი.
- 14კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნულო, ჩემო მტრედო! მაჩვენე შენი სახე, მომასმენინე შენი ხმა, რადგან ტკბილია შენი ხმა და მშვენიერია შენი სახე.
- 15დაიჭირეთ მელიები, პატარა მელიები, ვენახებს რომ აჩანაგებენ, რადგან ყვავიან ჩვენი ვენახები.
- 16ჩემი მიჯნური ჩემია და მე მისი ვარ, შროშანთა შორის მწყემსავს იგი.
- 17ვიდრეღა დღის სიგრილეა, სანამ გადახრილან ჩრდილები და გამქრალან, მობრუნდი ჩემო მიჯნურო მსგავსად ნაპრალოვან მთებზე მოარული ქურციკისა ან ირმის ნუკრისა!
იტვირთება შემდეგი თავი