ქებათა-ქება სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1მობრუნდი, მობრუნდი სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რათა ხელახლა გიხილოთ! რად უნდა უცქიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს?
- 2როგორ დაამშვენეს შენი ტერფები სანდლებმა, დიდებულთა ასულო, ოსტატის ნახელავი სამკაულივითაა შენი თეძოების სიმრგვალე.
- 3შენი ჭიპი მრგვალი თასია, რომელსაც არ მოჰკლებია შეზავებული ღვინო; შენი მუცელი ხორბლის ხვავია შროშანებით გარშემორტყმული.
- 4შენი მკერდი - ორი ნუკრი, ტყუპი ქურციკი.
- 5შენი ყელი კოშკია სპილოს ძვლისა, თვალები ხეშბონის აუზებია ბათ-რაბიმის ბჭესთან, ცხვირი კოშკია ლიბანისა, დამასკოსკენ მიმართული!
- 6ქარმელივით გამშვენებს თავი შენი; ნაწნავნი შენს თავზე, როგორც ძოწეული, მოხიბლეს მეფე შენმა კულულებმა.
- 7რა მშვენიერი და საწადელი ხარ, საყვარელო და სანატრელო, შენი სიტკბოებით
- 8ფინიკივით აშოლტილო, მტევნებს მიგიგავს მკერდი!
- 9ვთქვი, ავცოცდები-მეთქი ფინიკზე, მოვეჭიდები მის კუნწულებს; დაე, ვაზის მტევნებივით იყოს შენი მკერდი და ვაშლის სურნელივით - შენი ამონასუნთქი.
- 10ბაგე შენი, საუკეთესო ღვინოა; ლაღად რომ მირაკრაკებს ჩემი მიჯნურისთვის, ბაგეთა დამატკბობელი!
- 11მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემსკენაა წადილი მისი.
- 12მოდი, ჩემო მიჯნურო, ველად გავიდეთ, სოფლებში გავითენოთ.
- 13ადრიანად გავიდეთ ვენახებში, ვნახოთ, თუ იფეთქა ვაზმა, კვირტი თუ გაიფურჩქნა, თუ აყვავდა ბროწეული. ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნი!
- 14სურნელება მოაფრქვიეს მანდრაგორებმა, რჩეული ხილია ჩვენს ზღურბლთან, ახალიც და ძველიც - შენთვის შევინახე ჩემო მიჯნურო!
იტვირთება შემდეგი თავი