ქებათა-ქება სოლომონისა — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 8

  1. 1
    ო, ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუს მწოველი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არავინ დამძრახავდა.
  2. 2
    წაგიყვანდი, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, იქ სადაც ის მასწავლიდა, მე კი სურნელოვან ღვინოს, ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
  3. 3
    მისი მარცხენა თავქვეშ მექნებოდა, მარჯვენა - მომეხვეოდა!
  4. 4
    გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისა, ნუ გააღვიძებთ, ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს.
  5. 5
    ვინ არის ის, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მიჯნურის მხარს რომ ეყრდნობა? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე, იქ გშვა დედაშენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
  6. 6
    დამდე, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი - შენს მკლავზე, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული და ქვესკნელივით სასტიკია ეჭვიანობა! მისი ალი ცეცხლის ალია, როგორც ალი უფლისა.
  7. 7
    ვერ ჩააქრობს სიყვარულს წყალი მრავალი, მდინარეები ვერ წარხოცავენ. თავისი სახლის მთელი ქონებაც რომ გაიღოს კაცმა სიყვარულისთვის, მაინც ზიზღით უგულებელყოფენ!
  8. 8
    პატარა და გვყავს რომელსაც მკერდი არ დამჩნევია; რა გავაკეთოთ ჩვენი დისთვის იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
  9. 9
    გალავანი რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით, კარი რომ იყოს, კედრის ფიცრებით შევმოსავდით.
  10. 10
    გალავანივით ვარ და კოშკებივით გამიხდა მკერდი; ახლა კი კეთილგანწყობა ვპოვე მის თვალში.
  11. 11
    ვენახი ჰქონდა ბაყალ-ჰამონში სოლომონს; მომვლელებს მიაბარა იგი; თითოეულს ათასი ვერცხლი უნდა მოეტანა ნაყოფის სანაცვლოდ.
  12. 12
    ჩემი ვენახი ჩემს წინაშეა. ეს ათასი შენ, სოლომონ, ორასი კი - ნაყოფთა მომვლელთ.
  13. 13
    ბაღების მკვიდრო! მეგობრები ისმენენ შენს ხმას, მეც მასმენინე!
  14. 14
    იჩქარე, ჩემო მიჯნურო! ემსგავსე ქურციკს ან ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ!