ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1გააღე შენი კარი, ლიბანო, რომ ცეცხლმა შეჭამოს შენი კედრები.
- 2მოთქმას მოყევით, კვიპაროსნო, რადგან დაეცა კედარი და განადგურდნენ დიდებული ხეები! მოთქმას მოყევით, ბაშანის მუხებო, რადგან გაუვალი ტყე დაემხო.
- 3მწყემსთა მოთქმის ხმა გაისმის, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა - ვინაიდან გაიძარცვა იორდანეს სიამაყე!
- 4ასე ამბობს უფალი, ჩემი ღმერთი: დამწყემსე დასაკლავად განწირული ცხვარი,
- 5მყიდველნი რომ ხოცავენ და არ ისჯებიან, მათი გამყიდველნი კი ამბობენ: კურთხეულ იყოს უფლის სახელი, რადგან გავმდიდრდითო. მწყემსებსაც არ ებრალებათ ისინი.
- 6ამიტომ მეც აღარ შევიბრალებ ამ ქვეყნის მკვიდრთ - ამბობს უფალი - აჰა, ყოველ კაცს თავისი თვისტომისა და თავისი მეფის ხელში ჩავაგდებ, აიკლებენ ქვეყანას და არ დავიხსნი მათი ხელიდან.
- 7დავმწყემსავ დასაკლავად განწირულ ცხვარს, გატანჯულ ცხვარს. ორი კვერთხი ავიღე - ერთს წყალობა ვუწოდე, მეორეს - ერთობა, და დავმწყემსავ ცხვარს.
- 8ერთ თვეში გავწყვეტ სამ მწყემსს, რადგან ვეღარ მოუთმინა მათ ჩემმა სულმა და მათ სულსაც მოვბეზრდი.
- 9ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ, სასიკვდილო მოკვდეს და გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა კი ჭამონ ერთმანეთის ხორცი.
- 10ავიღე ჩემი კვერთხი - წყალობა - და ნაფოტებად ვაქციე, რათა გამეტეხა ჩემი აღთქმა, ყველა ხალხთან რომ დავდე.
- 11გატყდა იმ დღეს და მიხვდა ჩემი შემყურე გატანჯული ცხვარი, რომ უფლის სიტყვა იყო ეს.
- 12ვუთხარი: თუ გეამათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონეს გასამრჯელოდ ოცდაათი ვერცხლი.
- 13მითხრა უფალმა: მექოთნეს გადაუყარე ის მაღალი ფასი, რომლითაც შემაფასეს. მეც ავიღე ის ოცდაათი ვერცხლი და მექოთნეს გადავუყარე უფლის სახლში.
- 14შემდეგ მეორე კვერთხი - ერთობა - ვაქციე ნაფოტებად, რათა ძმობა გამეტეხა იუდასა და ისრაელს შორის.
- 15მითხრა უფალმა: კიდევ აიღე უგუნური მწყემსის აღჭურვილობა,
- 16რადგან, აჰა, მე დავაყენებ ამ ქვეყანაზე მწყემსს, რომელიც დაღუპვის გზაზე მყოფთ არ მიხედავს, გაფანტულებს არ მოძებნის, ავადმყოფს არ უმკურნალებს, ჯანმრთელებს არ გამოკვებავს; მაგრამ ნასუქალი ცხვრების ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს.
- 17ვაი, უვარგის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს! მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე! მკლავი მთლიანად შეახმება და დაუბრმავდება მარჯვენა თვალი!
იტვირთება შემდეგი თავი