ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1უფლისგან წარმოთქმული განაჩენი ისრაელზე. ასე ამბობს უფალი, რომელმაც ცანი გადაჭიმა, საძირკველი დაუდო დედამიწას და ადამიანის სული გამოსახა მის წიაღში:
- 2აჰა, გავხდი იერუსალიმს მათრობელ ფიალად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და იუდასთვისაც, როცა ალყაში იქნება იერუსალიმი.
- 3და იქნება იმ დღეს, დავადგენ იერუსალიმს მძიმე ქვად ყველა გარემომცველი ხალხისთვის და ყველა ვინც აწევს, სასტიკად დაზიანდება; მის წინააღმდეგ კი მიწის ყველა ხალხი აღდგება!
- 4იმ დღეს - ამბობს უფალი - დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ - შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.
- 5და იტყვიან იუდას ათასისთავნი თავიანთ გულში: იერუსალიმის მცხოვრებნი არიანო ჩვენი ძალა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის მეშვეობით.
- 6იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ღუმლად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ზვინებს შორის; და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს მათ გარშემო და ისევ დასახლდება იერუსალიმი თავის ადგილზე - იერუსალიმში.
- 7ჯერ იუდას კარვებს იხსნის უფალი, რათა არ აღემატებოდეს დავითის სახლისა და იერუსალიმის მცხოვრებთა სიამაყე იუდას.
- 8იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის უძლური დავითივით იქნება, ხოლო დავითის სახლი ღმერთივით იქნება, როგორც ანგელოზი უფლისა მათ წინაშე.
- 9იმ დღეს მოვინდომებ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსული ყველა ერის განადგურებას.
- 10და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.
- 11იმ დღეს დიდი გლოვა იქნება იერუსალიმში, როგორც მეგიდოს ველზე იყო, ჰადად-რიმონში.
- 12და იგლოვებს ქვეყანა, თითოეული სახლეული თავისთვის, დავითის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის. ნათანის მოდგმის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
- 13ლევის მოდგმის სახლი თავისთვის, შიმყის სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
- 14ყველა დანარჩენი სახლეული, თითოეული სახლი თავისთვის და მათი ცოლები თავიანთთვის.
იტვირთება შემდეგი თავი