ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 6
- 1კვლავ აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი ეტლი გამოდის ორ მთას შუა; ეს მთები სპილენძისა იყო.
- 2პირველ ეტლში წითელი ცხენები ება, მეორეში - შავი ცხენები.
- 3მესამე ეტლში - თეთრი ცხენები, მეოთხეში - ამლაყები, ძლიერი ცხენები.
- 4მივმართე და ვკითხე ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს: რა არის ესენი, ბატონო ჩემო?
- 5მიპასუხა ანგელოზმა და მითხრა: ესენი ცის ოთხი სულია, მთელი ქვეყნის ბატონთან წარდგომის შემდეგ გამოდიან.
- 6შავცხენიანი ეტლები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გამოდიან, თეთრები და მათ უკან ამლაყცხენებიანი - სამხრეთისკენ.
- 7გამოვიდნენ ძლიერნი და მოითხოვეს ქვეყნიერების შემოსავლელად წასვლა. უთხრა მათ: წადით, მოიარეთ ქვეყნიერება! და მათაც მოიარეს ქვეყნიერება.
- 8დამიძახა და მითხრა: ნახე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გამოსულებმა დაამშვიდეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.
- 9და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი ნათქვამი:
- 10აიღე ოქრო-ვერცხლი განდევნილთაგან: ხელდაისგან, ტობიასგან, იედაყიასგან, მიდი იმავე დღეს და შედი იოშია სოფონიას ძის სახლში, სადაც ბაბილონიდან მივიდნენ.
- 11აიღე ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და თავზე დაადგი მღვდელმთავარს, იეშუა იეჰოცადაკის ძეს.
- 12ეტყვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, მორჩია მისი სახელი. თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.
- 13ის ააშენებს უფლის ტაძარს და ატარებს სამეფო დიდებას! დაჯდება ტახტზე, იმეფებს და მღვდლობასაც გასწევს თავის ტახტზე! ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება ეს ორი მსახურება.
- 14ის გვირგვინები კი, ხელემისთვის, ტობიასთვის, იედაყიასთვის და ხენია სოფონიას ძისთვის იქნება სამახსოვროდ უფლის ტაძარში.
- 15მოვლენ შორეულნი და ააშენებენ უფლის ტაძარს. მაშინ მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა თქვენთან. ეს აღსრულდება, თუ ყურადღებით მოისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას.
იტვირთება შემდეგი თავი