ზაქარია — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1მეფე დარიოსის მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის მეოთხე დღეს, უფლის სიტყვა იყო ზაქარიას მიმართ.
- 2გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცად.
- 3რომ ეკითხათ ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისა და წინასწარმეტყველთათვის: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც მრავალი წლის მანძილზე ვიქცეოდიო?
- 4და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 5უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?
- 6როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
- 7განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?
- 8და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი:
- 9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.
- 10ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.
- 11მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.
- 12გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
- 13და როგორც ვუხმობდი და არ მისმინეს, ასევე არ ვუსმინე მათ, როცა მიხმობდნენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
- 14ძლიერი ქარით გავფანტე ისინი ხალხებში, რომელსაც არ იცნობდნენ და აოხრდა ქვეყანა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და გააუდაბურეს საამური ქვეყანა.
იტვირთება შემდეგი თავი