დაბადება — მცხეთური ხელნაწერი–გ. მთაწმინდელი
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
- 2და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა.
- 3და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი.
- 4გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ.
- 5და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა.
- 6და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი.
- 7ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
- 8და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა მეტყუელმან:
- 9აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა თქუენდა და თესლისა თქუენისა შემდგომად თქუენსა.
- 10და ყოვლისა სულისა ცხოველისა თქუენ თანა მფრინველთაგან და საცხოვართაგან და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისათა, რაოდენნი არიან თქუენ თანა, ყოველთა თანა გამოსრულთა კიდობნით და ყოველთა პირუტყუთა ქუეყანისათა.
- 11და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა.
- 12და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა: ესე სასწაული აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელსა მე მოვსცემ შორის ჩემსა და შორის თქუენსა და შორის ყოვლისა სულისა ცხოველისა, რომელი არს თქუენ თანა ნათესავად საუკუნოდ.
- 13რამეთუ მშვილდსა ჩემსა დავსდებ ღრუბელთა შინა და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და ქუეყანისა.
- 14და იყოს, რაჟამს მოვავლინო ღრუბელი შორის ქუეყანასა, გამოჩნდეს მშჳლდი იგი ღრუბელთა შინა.
- 15და მოვიჴსენო აღთქუმაჲ ჩემი, რომელ არს შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა ცხოველისა ყოვლისა მიმართ ჴორცისა და არ-ღა-რა იყოს წყალი იგი რღუნისა მოსპოლვად ყოველსა ჴორციელსა.
- 16და იყოს მშვილდი იგი ღრუბელთა შინა და ვიხილო და მოვიჴსენო აღთქუმაჲ საუკუნო შორის ჩემსა. და შორის ყოვლისა ცხოველისა და ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.
- 17და ჰრქუა უფალმან ნოეს: ესე სასწაული არს აღთქუმისა ჩემისაჲ, რომელი დავდევ შორის ჩემსა და შორის ყოვლისა ჴორციელისა, რომელ არს ქუეყანასა ზედა.
- 18ხოლო იყუნეს ძენი ნოესნი გამოსრულ კიდობნისაგან: სემ, ქამ, და იაფეთ, ხოლო ქამ იყო მამაჲ ქანანისი.
- 19ესე სამნი, იყვნეს ძენი ნოესნი, ამათგან განითესნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.
- 20და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი.
- 21და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა.
- 22და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე.
- 23და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს.
- 24და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან.
- 25და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ.
- 26და თქუა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა.
- 27განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკჳდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.
- 28ხოლო ცხოვნდა ნოე შემდგომად წყლით რღუნისა სამასორმეოცდაათ წელ.
- 29იქმნნეს ყოველნი დღენი ნოესნი ცხრაასერგისის წელ და მოკუდა.
იტვირთება შემდეგი თავი