მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 28

  1. 1
    შაბათი რომ გავიდა, კვირის პირველი დღის განთიადზე მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი.
  2. 2
    და აი, მოხდა დიდი მიწისძვრა, ვინაიდან ციდან ჩამოსული უფლის ანგელოზი მოვიდა, გადააგორა ლოდი და დაჯდა ზედ.
  3. 3
    მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი თოვლივით სპეტაკი.
  4. 4
    მისგან შიშით შეირყნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
  5. 5
    ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვინაიდან ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
  6. 6
    აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი სადაც იწვა.
  7. 7
    მალე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და, აი, თქვენს წინ მიდის გალილეისკენ; იქ ნახავთ მას. აი, გითხარით თქვენ.
  8. 8
    აჩქარებით წასულნი სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით გარბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.
  9. 9
    და აი, იესო შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ! ისინი კი მოვიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.
  10. 10
    მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას, და იქ მნახავენ მე.
  11. 11
    როცა ისინი მიდიოდნენ, აი, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და განუცხადეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.
  12. 12
    ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს
  13. 13
    და უთხრეს: თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა.
  14. 14
    და თუ ამას გაიგონებს მმართველი, ჩვენ დავარწმუნებთ მას და დაგიხსნით უსიამოვნებისაგან.
  15. 15
    მათ კი აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და ეს სიტყვა გავრცელდა იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.
  16. 16
    ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეას იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ.
  17. 17
    და რომ ნახეს იგი, თაყვანი სცეს, ხოლო ზოგიერთი დაეჭვდა.
  18. 18
    და მიუახლოვდა იესო, ელაპარაკა მათ და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე.
  19. 19
    ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
  20. 20
    ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აი, მე თქვენთან ვარ ყველა დღეს წუთისოფლის აღსასრულამდე. ამინ.