მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 27

  1. 1
    დილის დადგომისთანავე გამართეს მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა იესოს წინააღმდეგ მის მოსაკლავად.
  2. 2
    შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს, მმართველს.
  3. 3
    როცა იუდამ, რომელმაც გადასცა იესო დაინახა, რომ მას მსჯავრი დაადეს, ინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს.
  4. 4
    და უთხრა: შევცოდე, რომ უდანაშაულო სისხლი გავეცი. მათ კი უთხრეს: ჩვენ რა? შენ უყურე.
  5. 5
    გადაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
  6. 6
    ხოლო მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: დაუშვებელია ამის დადება საგანძურში, ვინაიდან სისხლის საფასურია იგი.
  7. 7
    მოითათბირეს და იმით იყიდეს მეჭურჭლის მინდორი უცხოელთა სასაფლაოდ.
  8. 8
    ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი.
  9. 9
    მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, ფასი შეფასებულისა, ვინც შეაფასეს ისრაელის ძეებმა.
  10. 10
    და მისცეს იგი მეჭურჭლის მინდვრისათვის, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
  11. 11
    ხოლო იესო დადგა მმართველის წინაშე. და ჰკითხა მას მმართველმა: შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესომ კი უთხრა: შენ ამბობ.
  12. 12
    და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი არ უპასუხა.
  13. 13
    მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?
  14. 14
    არაფერი არ უპასუხა არც ერთ მის სიტყვაზე, ისე რომ ძალიან უკვირდა მმართველს.
  15. 15
    დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა მმართველს - ხალხს უთავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
  16. 16
    ხოლო მაშინ ჰყავდათ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული.
  17. 17
    და როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გსურთ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?
  18. 18
    ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
  19. 19
    როცა ის სასამართლო სკამზე იჯდა, მისმა ცოლმა გაუგზავნა და უთხრა: არაფერი გაუკეთო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.
  20. 20
    ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა შეაჯერეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
  21. 21
    ასე უპასუხა და უთხრა მათ მმართველმა: ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ? მათ უთხრეს: ბარაბა.
  22. 22
    უთხრა მათ პილატემ: რაღა ვუყო იესოს, ქრისტედ წოდებულს? ყველამ თქვა: ჯვარცმულ იქნეს!
  23. 23
    ხოლო მან თქვა: რა ბოროტება ჩაუდენია? მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: ჯვარცმულ იქნეს!
  24. 24
    პილატემ, რაკი დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, წყალი აიღო, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უდანაშაულო ვარ ამ მართლის სისხლისაგან; თქვენ უყურეთ.
  25. 25
    და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: ჩვენზე და ჩვენს შვილებზე მაგის სისხლი.
  26. 26
    მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
  27. 27
    მაშინ მმართველის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სასამართლოში და შეკრიბეს მასზე მთელი რაზმი.
  28. 28
    გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი.
  29. 29
    და დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლი მოიყარეს, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ.
  30. 30
    აფურთხებდნენ მას, აიღეს ლერწამი და სცემდნენ თავში.
  31. 31
    და როცა დასცინეს, მოხსნეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
  32. 32
    როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი; ის აიძულეს, რომ ეტარებინა მისი ჯვარი.
  33. 33
    მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს: თხემის ადგილი.
  34. 34
    მისცეს მას ნაღველთან შეზავებული ღვინო სასმელად; რომ იგემა, დალევა არ უნდოდა.
  35. 35
    როცა ჯვარს აცვეს, გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით.
  36. 36
    ისხდნენ და იქ ყარაულობდნენ მას.
  37. 37
    და მის თავს ზემოთ დადგეს დაწერილი მისი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.
  38. 38
    მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი - მარცხნივ.
  39. 39
    გამვლელები კი თავიანთ თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
  40. 40
    და ამბობდნენ: ტაძრის დამნგრევო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.
  41. 41
    ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ, და ამბობდნენ:
  42. 42
    სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ იგი ისრაელის მეფეა, დაე გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
  43. 43
    ღმერთზე იყო მინდობილი; ჰოდა, ახლა იხსნას იგი, თუ სურს იგი, ვინაიდან თქვა, ძე ღმერთისა ვარო.
  44. 44
    ასევე მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
  45. 45
    ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე სიბნელე დადგა მთელ დედამიწაზე.
  46. 46
    დაახლოებით მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: ელი, ელი! ლამა საბაქთანი? ეს არის: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე?
  47. 47
    იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ილიას უხმობს იგი.
  48. 48
    უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაავსო, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.
  49. 49
    სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ილია მის გამოსახსნელად.
  50. 50
    ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
  51. 51
    და აჰა ტაძრის ფარდა გაიხა ორად ზემოდან ქვემოთ; და იძრა დედამიწა, და კლდენი დასკდნენ.
  52. 52
    სამარხნი გაიხსნენ და ბევრი განსვენებული წმიდანის სხეული აღდგა.
  53. 53
    გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენენ.
  54. 54
    ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად ყარაულობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: ჭეშმარიტად ძე ღმერთისა იყო ეს.
  55. 55
    იქ იყო აგრეთვე და შორიდან უყურებდა ბევრი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
  56. 56
    მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალინელი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა.
  57. 57
    როცა მოსაღამოვდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე თვითონაც იესოს მოწაფე იყო.
  58. 58
    იგი მივიდა პილატესთან და ითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა - მიეცათ.
  59. 59
    აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
  60. 60
    და დაასვენა თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოკვეთა; და სამარხის კართან დიდი ლოდი მიაგორა და წავიდა.
  61. 61
    იქვე იყვნენ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის პირდაპირ ისხდნენ.
  62. 62
    მეორე დღეს, რომელიც არის პარასკევს შემდეგ, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
  63. 63
    და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
  64. 64
    ამიტომ უბრძანე მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო; და უკანასკნელი მოტყუება პირველზე უარესი იქნება.
  65. 65
    უთხრა მათ პილატემ: თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უყარაულეთ, როგორც თქვენ მიგაჩნიათ.
  66. 66
    ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დალუქეს და დაცვა დააყენეს.
იტვირთება შემდეგი თავი