მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 26
- 1როცა იესომ ყველა ეს სიტყვა დაასრულა, თავის მოწაფეებს უთხრა:
- 2თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება და ძე კაცისა გადაიცემა ჯვარზე საცმელად.
- 3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
- 4და მოითათბირეს იესოს მზაკვრულად შეპყრობა და მოკვლა.
- 5მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, რომ ხალხში არ მოხდეს აღშფოთება.
- 6როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში,
- 7მოვიდა მასთან დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონით და სუფრასთან მჯდომარეს თავზე მოასხა.
- 8მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: რისთვის დაიკარგა ეს?
- 9ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა დიდ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.
- 10მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? ხომ კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის.
- 11ვინაიდან ღარიბნი მუდამ თვენთან გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
- 12ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
- 13ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე ითქმევა, რაც მაგან გააკეთა, მაგის მოსაგონებლად.
- 14მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან.
- 15და უთხრა: რას მომცემთ, და მე გადმოგცემთ მას? მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.
- 16მას შემდეგ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ იგი გაეცა.
- 17ხმიადობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
- 18მან კი უთხრა: წადით ქალაქში ასეთ და ასეთთან და უთხარით მას: ამბობს მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
- 19მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი.
- 20რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
- 21როცა ისინი ჭამდნენ, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.
- 22ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყოველმა მათგანმა დაუწყო ლაპარაკი: მე ხომ არა, უფალო?
- 23ხოლო მან უთხრა მათ პასუხად: ვინც ჩემთან ხელს ჩაყოფს ჯამში, ის გამცემს.
- 24თუმცა ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მის შესახებ. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; იმ კაცისათვის უმჯობესი იყო არ დაბადებულიყო.
- 25იუდამ, რომელმაც იგი გასცა, პასუხად უთხრა: მე ხომ არა, რაბი? - შენ თქვი, - უთხრა მას.
- 26როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დაამტვრია, მისცა მოწაფეებს და თქვა: აიღეთ, ჭამეთ; ეს ჩემი სხეულია.
- 27აიღო სასმისი, მადლობდა და მისცა მათ და უთხრა: ყველამ დალიეთ აქედან,
- 28ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის რომ იღვრება ცოდვების მისატევებლად.
- 29და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ დავლევ ვაზის ამ ნაყოფისაგან, იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად დავლევ მას, ახალს ჩემი მამის სასუფეველში.
- 30იგალობეს და წავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
- 31მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: დავარტყამ მწყემსს და დაიფანტებიან ფარის ცხვრები.
- 32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენს წინ წავალ გალილეაში.
- 33მიუგო პეტრემ მას პასუხად: თუნდაც ყველანი ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს არ ვცდუნდები.
- 34უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.
- 35უთხრა მას პეტრემ: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან, არ უარგყოფ. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
- 36მერე იესო მივიდა მათთან ერთ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: აქ დასხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ.
- 37თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, იწყო წუხილი და დარდი.
- 38მაშინ უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
- 39ცოტა გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა ამაცდინე ეს სასმისი; მაგრამ არა, როგორც მე მინდა, არამედ, როგორც შენ.
- 40და მიდის მოწაფეებთან და პოვებს მათ მძინარეთ და ეუბნება პეტრეს: ნუთუ ვერ შესძელით ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან?
- 41იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.
- 42მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ არ შეუძლია ამ სასმისს ამცდეს, რომ არ დავლიო იგი, იქნეს შენი ნება.
- 43და კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი პოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ.
- 44მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
- 45მაშინ მიდის მოწაფეებთან და ეუბნება მათ: თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აი, მოახლოვდა საათი და ძე კაცისა გადაეცემა ცოდვილთა ხელთ.
- 46ადექით, წავიდეთ, აგერ, მოახლოვდა ჩემი გამცემი.
- 47და ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, აი, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავრებისგან და ხალხის უხუცესთაგან.
- 48ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის, შეიპყარით.
- 49მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: გიხაროდეს რაბი! - და ეამბორა.
- 50ხოლო იესომ უთხრა მას: რისთვის მოსულხარ მეგობარო? მაშინ მივიდნენ, ხელები დაადეს იესოს და შეიპყრეს იგი.
- 51და აი, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი გაიწოდა, იძრო თავისი მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური მოკვეთა.
- 52მაშინ იესომ უთხრა მას: თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება.
- 53იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო ჩემს მამას და მან წარმომიდგინოს ახლა თორმეტზე მეტი ანგელოზთა ლეგიონი?
- 54მაშინ როგორ აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?
- 55იმ საათს უთხრა იესომ იმ ხალხს: თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად; ყოველდღე ვიჯექი ტაძარში სასწავლებლად და არ შეგიპყრივართ მე.
- 56ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
- 57იესოს შემპრობლებმა კი წაიყვანეს მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.
- 58ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე, შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა აღსასრულის სანახავად.
- 59მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმეობას იესოს წინააღმდეგ, რომ სიკვდილით დაესაჯათ იგი.
- 60და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა; ხოლო ბოლოს მოვიდნენ ორნი
- 61და თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენო.
- 62მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: არაფერს უპასუხებ, ესენი რომ შენს წინააღმდეგ მოწმობენ?
- 63იესო დუმდა. და მღვდელმთავარმა უთხრა მას: ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?
- 64უთხრა იესომ: შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.
- 65მაშინ მღვდელმთავარმა დაინახა თავისი სამოსელი და თქვა: ეს გმობს. რაღად გვჭირდება მოწმენი? აი, ახლა გესმათ გმობა.
- 66როგორ გგონიათ? ხოლო მათ მიუგეს პასუხად: სიკვდილს იმსახურებს.
- 67მაშინ აფურთხებდნენ მას სახეში და ცემდნენ და სილას აწნავდნენ.
- 68და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ქრისტე ვინ დაგარტყა?
- 69ხოლო პეტრე იჯდა გარეთ ეზოში. მივიდა მასთან ერთი მოახლე და უთხრა: შენც იესო გალილეველთან იყავი.
- 70მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი რას ლაპარაკობ.
- 71როცა ჭიშკრის გარეთ გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფებს: ეს იესო ნაზარეველთან იყო.
- 72მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობ ამ კაცს.
- 73ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: ნამდვილად მათგანი ხარ შენც, ვინაიდან შენივე ლაპარაკი გამხილებს შენ.
- 74მაშინ იწყო წყევლა და ფიცი: არ ვიცნობ ამ კაცს. მყისვე იყივლა მამალმა.
- 75და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე. გამოვიდა გარეთ და მწარედ ტიროდა.
იტვირთება შემდეგი თავი