მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 25

  1. 1
    მაშინ ცათა სასუფეველი დაემსაგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.
  2. 2
    მათგან ხუთი უგუნური იყო და ხუთი გონიერი.
  3. 3
    უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ წაიღეს თან.
  4. 4
    ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც წაიღეს ჭურჭლებით.
  5. 5
    ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა და დაეძინათ.
  6. 6
    მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი: აი, ნეფე, გამოდით შესახვედრად!
  7. 7
    მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართა თავ-თავისი ლამპარი.
  8. 8
    უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: მოგვეცით თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრებიან.
  9. 9
    გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც რომ არ დაგვაკლდეს და თქვენც, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.
  10. 10
    და როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე; გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარი დაიხურა.
  11. 11
    შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
  12. 12
    ხოლო მან მიუგო მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ.
  13. 13
    ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
  14. 14
    ვინაიდან იქნება, როგორც კაცი, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და გადასცა თავისი ქონება.
  15. 15
    ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი შესაძლებლობის მიხედვით, და გაემგზავრა.
  16. 16
    ხუთი ტალანტის მიმღები მყისვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო.
  17. 17
    ასევე ორის მიმღებმა ორი სხვა მოიგო.
  18. 18
    ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლი.
  19. 19
    მრავალი ხნის შემდეგ მოდის იმ მონების ბატონი და მათგან ანგარიშს ითხოვს.
  20. 20
    მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ გადმომეცი, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.
  21. 21
    უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
  22. 22
    მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ გადმომეცი, აჰა სხვა ორი ტალანტი მოვიგე.
  23. 23
    უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
  24. 24
    მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, გიცნობდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია;
  25. 25
    და შემეშინდა, წავედი და მიწაში დავმალე შენი ტალანტი. აჰა, შენი შენ გქონდეს.
  26. 26
    მიუგო მისმა ბატონმა მას პასუხად: ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.
  27. 27
    ამიტომ უნდა მიგეცა ჩემი ვერცხლი გადამცვლელებისათვის და რომ მოვიდოდი, მივიღებდი ჩემსას სარგებელთან ერთად.
  28. 28
    ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
  29. 29
    ვინაიდან ყოველ მქონეს მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
  30. 30
    ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის სიბნელეში; იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა. ეს რომ თქვა, დასძახა: ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!
  31. 31
    ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
  32. 32
    და შეკრებილ იქნება მის წინაშე ყველა ერი, და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.
  33. 33
    და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.
  34. 34
    მაშინ ეტყვის მეფე მათ, თავის მარჯვნივ: მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების დაარსებიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
  35. 35
    ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და დამალევინეთ; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;
  36. 36
    შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომინახულეთ; საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.
  37. 37
    მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და გაჭამეთ? ან მწყურვალი და დაგალევინეთ.
  38. 38
    როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
  39. 39
    როდის გიხილეთ შენ სნეული ან საპყრობილეში და მოვედით შენთან?
  40. 40
    და მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.
  41. 41
    მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
  42. 42
    ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ დამალევინეთ;
  43. 43
    უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მოხვედით ჩემს სანახავად.
  44. 44
    მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
  45. 45
    მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ ჩემს მცირეთაგანს, არც მე გამიკეთეთ.
  46. 46
    და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველს, ხოლო მართალნი - საუკუნო ცხოვრებაში.
იტვირთება შემდეგი თავი