მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 24

  1. 1
    გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რომ ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.
  2. 2
    ხოლო მან პასუხად უთხრა მათ: ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომელიც არ გადაყირავდება.
  3. 3
    ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და ეუბნებიან: გვითხარი, როდის იქნება ეს, და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?
  4. 4
    მიუგო იესომ მათ პასუხად: გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
  5. 5
    ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ქრისტე ვარ; და მრავალს შეაცდენენ.
  6. 6
    ასევე მოისმენთ ომებსა და ხმებს ომების შესახებ, უყურეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
  7. 7
    ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
  8. 8
    ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
  9. 9
    მაშინ გადაგცემენ თქვენ წამებაზე და დაგხოცავენ, და შეგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
  10. 10
    მაშინ ცდუნდება ბევრი; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთიმეორეს.
  11. 11
    მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენს.
  12. 12
    და რაკი გამრავლდება უსჯულოება, მრავალს გაუნელებს სიყვარულს.
  13. 13
    ბოლომდის მომთმენი, გადარჩება.
  14. 14
    და ექადაგება ეს სახარება სასუფევლის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს დასამოწმებლად. და მაშინ მოვა აღსასრული.
  15. 15
    ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სისაძაგლეს, წმინდა ადგილზე მდგომ, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ თქმულს, - წამკითხველმა გაიგოს.
  16. 16
    მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებში გაიქცნენ,
  17. 17
    და ვინ ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა თავისი სახლიდან რაიმეს ასაღებად.
  18. 18
    და ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის ასაღებად.
  19. 19
    ხოლო ვაი ორსულებს და მათ, ვინც ძუძუს აწოვებს იმ დღეებში.
  20. 20
    ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქცევა ზამთარში ან შაბათს.
  21. 21
    ვინაიდან მაშინ იქნება დიდი ჭირი, როგორიც არ ყოფილა სამყაროს დასაბამიდან ახლანდლამდე და აღარც არასოდეს იქნება.
  22. 22
    და თუ არ შემოკლებულიყვნენ ის დღეები, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდებიან ის დღეები.
  23. 23
    მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აი, აქ არის ქრისტე, ან იქ; არ ერწმუნოთ,
  24. 24
    ვინაიდან აღდგებიან ცრუ-ქრისტეები და ცრუ-წინასწარმეტველნი და მოიმოქმედებენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
  25. 25
    აი, წინასწარ გითხარით თქვენ.
  26. 26
    თუ გითხრან: აი, ის უდაბნოშია, ნუ გამოხვალთ; აი, ის შიგნითა ოთახებშია, ნუ ერწმუნებით.
  27. 27
    ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლა.
  28. 28
    სადაც ლეშია, იქ ორბებიც მოგროვდებიან.
  29. 29
    და მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
  30. 30
    მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ ძე კაცისას - ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
  31. 31
    და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთა ქართაგან, ცათა კიდეთაგან მათ კიდეებამდის.
  32. 32
    ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდებიან და ფოთლებს მოისხამენ, იცით, რომ ახლოა ზაფხული;
  33. 33
    ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ ახლოა კართან.
  34. 34
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი ეს არ მოხდება.
  35. 35
    ცა და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
  36. 36
    მაგრამ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
  37. 37
    ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
  38. 38
    ვინაიდან, როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა;
  39. 39
    და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა მოვიდოდა და ყველას წაიღებდა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
  40. 40
    მაშინ ორნი იქნებიან მინდორში: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
  41. 41
    ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთს წარიტაცებენ და ერთი დარჩება.
  42. 42
    ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
  43. 43
    ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირგამოთხრას არ დაუშვებდა.
  44. 44
    ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
  45. 45
    ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დააყენა ბატონმა თავის სახლეულზე, რომ დროულად მისცეს მათ საზრდო?
  46. 46
    ნეტარ არს მონა, რომლის ბატონი მოვა და ასეთნაირად მოქმედს პოვებს მას.
  47. 47
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.
  48. 48
    ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებს ჩემი ბატონი, -
  49. 49
    და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, -
  50. 50
    მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როდესაც არ იცის,
  51. 51
    შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
იტვირთება შემდეგი თავი