მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 23
- 1მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
- 2და უთხრა: მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
- 3ამრიგად, ყოველივე, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, გააკეთეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ აკეთებენ.
- 4კრავენ მძიმე ტვირთს, და მხრებზე ადებენ ადამიანებს; თვითონ კი თავიანთი თითითაც არ სურთ მათი დაძვრა.
- 5ყოველ თავიანთ საქმეს აკეთებენ ადამიანთა მოსაჩვენებლად; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და ადიდებენ თავიანთ სამოსის ფოჩებს.
- 6უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და პირველ ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში.
- 7და მისალმებანი მოედნებზე, და რომ ადამიანებმა უძახონ მათ, რაბი!
- 8თქვენ კი დაე ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
- 9არც თქვენი მამა უწოდოთ არავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გზავთ, - ზეციერი.
- 10და ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე.
- 11უდიდესი თქვენს შორის იყოს თქვენი მსახური.
- 12ვინც თვით ამღლდება, დამდაბლდება, ხოლო ვინც თვით დამდაბლდება - ამაღლდება.
- 13ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს ახშობთ ადამიანთა წინაშე, რადგან თქვენ არ შედიხართ და შემსვლელებსაც არ უშვებთ.
- 14ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადასჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
- 15ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც გახადოთ პროზელიტად, და როცა გახდება, მას გადააქცევთ გეენას ძედ, თვენზე ორჯერ უარესად.
- 16ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულია.
- 17უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს გამნათებელი?
- 18და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულია.
- 19ბრმებო! რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენის გამნათებელი.
- 20ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და ყოველივეს, რაც მასზეა.
- 21და რომელიც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
- 22და ვინც ცას იფიცებს, ის იფიცებს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
- 23ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და გამოტოვებული გაქვთ, რაც მთავარია სჯულში - სასამართლო, წყალობა და სარწმუნოება; ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის დაგეტოვებინათ.
- 24ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემის მშთანთქავებო!
- 25ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, ხოლო შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.
- 26ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
- 27ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ჰგავხართ შეთეთრებულ სამარხებს, რომლებიც გარედან ლამაზები მოჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით.
- 28ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანების წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და უსჯულოებით ხართ აღვსილნი.
- 29ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა სამარეებს.
- 30და ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ ვყოფილიყავით, არ ვიქნებოდით მათი თანამონაწილენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
- 31ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
- 32თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
- 33იქედნეთა ნაშობნო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
- 34ამიტომ, აი, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველთ, ბძენებსა და მწიგნობრებს; და თქვენ ზოგიერთ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაროზგავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.
- 35და მოგეწევათ თქვენ მთელი ეს მართალი სისხლი, დათხეული მიწაზე, აბელ ალალმართლის სისხლიდან ბერეხიას ძე ზაქარიას სისხლამდე, რომელიც ტაძარს და სამსხვერპლოს შუა მოჰკალით.
- 36ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.
- 37იერუსალიმ, იერუსალიმ, დამხოცავო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა! რამდენჯერ მინდოდა შენთა შვილთა შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, და არ მოინდომეთ.
- 38აი, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
- 39ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!
იტვირთება შემდეგი თავი