დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
თავი 1
- 1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.
- 2დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე და ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით.
- 3და თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე.
- 4დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს.
- 5და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს - ღამე. დადგა საღამო და დადგა დილა, - პირველი დღე.
- 6შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე წყლებს შორის და გაიყოს წყლები“.
- 7დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წყლების გაყოფა, რომ ყოფილიყო წყლები სივრცის ქვევით და წყლები - სივრცის ზევით. და ასეც მოხდა.
- 8და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, - მეორე დღე.
- 9შემდეგ თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები, ცის ქვევით რომ არის, და გამოჩნდეს ხმელეთი“. და ასეც მოხდა.
- 10და უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა და შეგროვილ წყლებს - ზღვები. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.
- 11შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ ბალახი, თესლოვანი მცენარეები და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეები დედამიწაზე მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა.
- 12დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.
- 13დადგა საღამო და დადგა დილა, - მესამე დღე.
- 14შემდეგ თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის; ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად;
- 15იქნებიან მნათობებად ცის სივრცეში, რომ გაანათონ დედამიწა“. და ასეც მოხდა.
- 16დაიწყო ღმერთმა ორი დიდი მნათობის შექმნა, უფრო დიდი მნათობი დღის განმგებლად რომ ყოფილიყო და უფრო პატარა მნათობი - ღამის განმგებლად, და დაიწყო ვარსკვლავების შექმნაც.
- 17განალაგა ღმერთმა ისინი ცის სივრცეში, რომ გაენათებინათ დედამიწა,
- 18განეგოთ დღე და ღამე და ზღვარი დაედოთ სინათლესა და სიბნელეს შორის. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.
- 19დადგა საღამო და დადგა დილა, - მეოთხე დღე.
- 20შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“.
- 21დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.
- 22აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები; გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“.
- 23დადგა საღამო და დადგა დილა, - მეხუთე დღე.
- 24შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა.
- 25დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო.
- 26შემდეგ თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“.
- 27დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი.
- 28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“.
- 29შემდეგ თქვა ღმერთმა: „აი, მოგეცით ყველა თესლოვანი მცენარე მთელი მიწის პირზე და თესლიანი ნაყოფის მომცემი ყველა ხე. ეს გქონდეთ საჭმელად.
- 30დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს - ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“. და ასეც მოხდა.
- 31დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო. დადგა საღამო და დადგა დილა, - მეექვსე დღე.
იტვირთება შემდეგი თავი