დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 2
- 1ასე დასრულდა ცის, დედამიწისა და ყოველივე მათში არსებულის შექმნა.
- 2ღმერთმა მეშვიდე დღისთვის დაასრულა თავისი საქმე; მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისგან ისვენებს.
- 3აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან, ვინაიდან შექმნა ყველაფერი, რაც განზრახული ჰქონდა.
- 4ასე წარმოიშვა ცა და დედამიწა იმ დღეს, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა.
- 5მაშინ დედამიწაზე ჯერ არ იყო არანაირი ბუჩქი და არც არანაირი მცენარე იყო აღმოცენებული, იეჰოვა ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა დედამიწაზე და არც ადამიანი არსებობდა, რომ მიწა დაემუშავებინა.
- 6ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მთელი დედამიწის ზედაპირს.
- 7დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა.
- 8გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა.
- 9იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი, აგრეთვე სიცოცხლის ხე ბაღის შუაგულში და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე.
- 10ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად, იყოფოდა და ოთხ ნაკადად მიედინებოდა.
- 11პირველი არის ფიშონი. ის გარს უვლის ხავილას მთელ ქვეყანას, სადაც ოქროა.
- 12კარგია ამ მიწის ოქრო. იქ სამყეს ფისიც არის და ონიქსიც.
- 13მეორე მდინარეა გიხონი. ის გარს უვლის ქუშის მთელ ქვეყანას.
- 14მესამე მდინარეა ხიდეკელი. ის ასურეთის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარე კი ევფრატია.
- 15იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე.
- 16უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება,
- 17მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“.
- 18შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“.
- 19როცა იეჰოვა ღმერთმა მიწისგან გარეული ცხოველები და ცის ფრინველები შექმნა, მიუყვანა ისინი კაცს, რომ ენახა, რას დაარქმევდა თითოეულს. რასაც კაცი დაარქმევდა ცოცხალ სულს, ის იქნებოდა მისი სახელი.
- 20არქმევდა ის სახელებს შინაურ ცხოველებს, ცის ფრინველებსა და გარეულ ცხოველებს; არ ჰყავდა კაცს დამხმარე, შემავსებელი.
- 21იეჰოვა ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა კაცს, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ის ადგილი შეუხორცა.
- 22იმ ნეკნისგან, კაცს რომ გამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა.
- 23მაშინ თქვა კაცმა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“.
- 24ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან.
- 25ორივენი შიშვლები იყვნენ, კაციც და მისი ცოლიც, მაგრამ არ რცხვენოდათ.
იტვირთება შემდეგი თავი