დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“
- 2ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ,
- 3მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“.
- 4ამაზე გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით.
- 5იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.
- 6მაშინ დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც თვალწარმტაცი იყო. მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა. მოგვიანებით კი ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა.
- 7ორივეს აეხილათ თვალი და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. გადააბეს ლეღვის ფოთლები ერთმანეთს და წელზე შემოირტყეს.
- 8მოგვიანებით იეჰოვა ღმერთის ხმა შემოესმათ. ის საღამო ხანს, როცა ნიავი უბერავს, ბაღში მიმოდიოდა. დაემალნენ იეჰოვა ღმერთს კაცი და მისი ცოლი ბაღის ხეებს შორის.
- 9ეძახდა იეჰოვა ღმერთი კაცს: „სადა ხარ?“
- 10ბოლოს მან უპასუხა: „შენი ხმა შემომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვიყავი, და დავიმალე“.
- 11მაშინ ღმერთმა უთხრა: „ვინ გითხრა, რომ შიშველი იყავი? იმ ხის ნაყოფი ხომ არ ჭამე, მე რომ გიბრძანე, არ ჭამომეთქი?“
- 12კაცმა მიუგო: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“.
- 13მაშინ იეჰოვა ღმერთმა ქალს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?!“ ქალმა მიუგო: „გველმა... მან მაცდუნა და მეც ვჭამე“.
- 14იეჰოვა ღმერთმა გველს უთხრა: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე.
- 15მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“.
- 16ქალს კი უთხრა: „გაგიძლიერებ ტკივილებს ორსულობისას და მშობიარობის ტკივილებით გააჩენ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“.
- 17შემდეგ ადამს უთხრა: „რადგან მოუსმინე შენი ცოლის ხმას და შეჭამე იმ ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი, არ ჭამომეთქი, დაწყევლილია მიწა შენ გამო. ტანჯვით შეჭამ მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე;
- 18ნარსა და ეკალს აღმოგიცენებს და მიწის მცენარეებს შეჭამ;
- 19პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“.
- 20ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა.
- 21იეჰოვა ღმერთმა ტყავის გრძელი სამოსელი მისცა ადამსა და მის ცოლს და შემოსა ისინი.
- 22შემდეგ თქვა იეჰოვა ღმერთმა: „აი, ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე. ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს...“
- 23მაშინ გააძევა იეჰოვა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლისგანაც იყო აღებული.
- 24გააძევა კაცი, ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
იტვირთება შემდეგი თავი