დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და ის დაორსულდა. შეეძინა ევას კაენი და თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“.
- 2მოგვიანებით შეეძინა აბელი, კაენის ძმა. აბელი მეცხვარე გახდა, კაენი - მიწათმოქმედი.
- 3გავიდა ხანი და კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად,
- 4აბელმა კი მიიტანა თავისი ფარის პირველმოგებულიდან, ქონთან ერთად. იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი,
- 5კაენი და მისი შესაწირავი კი არ მოიწონა. რისხვით აენთო კაენი და სახე მოეღუშა.
- 6მაშინ იეჰოვამ კაენს ჰკითხა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე?
- 7თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“
- 8ამის შემდეგ კაენმა უთხრა აბელს, თავის ძმას: „წამო, მინდორში წავიდეთ“. მინდორში დაჰკრა კაენმა აბელს და მოკლა.
- 9ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ჰკითხა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ მან მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“
- 10მაშინ ღმერთმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
- 11დაწყევლილი და განდევნილი ხარ ამ მიწიდან, რომელმაც გახსნა პირი, რომ შენი ხელიდან შენი ძმის სისხლი მიეღო.
- 12დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს ნაყოფს. დედამიწაზე იხეტიალებ და განდევნილი იქნები“.
- 13მაშინ კაენმა უთხრა იეჰოვას: „ჩემი დანაშაულის სასჯელი მეტისმეტად ძნელი სატარებელია.
- 14აჰა, მაძევებ დღეს ამ მიწიდან და დამალული ვიქნები შენი სახისგან. დედამიწაზე ვიხეტიალებ, დევნილი ვიქნები და ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“.
- 15მაშინ იეჰოვამ უთხრა მას: „ნებისმიერს, ვინც კაენს მოკლავს, შვიდჯერ მიეზღვება“. ამგვარად იეჰოვამ ნიშანი დაადო კაენს, რომ არც ერთ შემხვედრს არ მოეკლა იგი.
- 16გაეცალა კაენი იეჰოვას და დასახლდა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
- 17ამის შემდეგ დაწვა კაენი თავის ცოლთან, დაორსულდა ის და შეეძინა ენოქი. კაენმა ქალაქის მშენებლობა დაიწყო და ამ ქალაქს თავისი ვაჟის, ენოქის სახელი უწოდა.
- 18მოგვიანებით ენოქს შეეძინა ირადი. ირადს შეეძინა მეხუალელი, მეხუალელს - მეთუშაელი, მეთუშაელს - ლამექი.
- 19ლამექმა ორი ცოლი მოიყვანა; პირველს ერქვა ადა, მეორეს - ცილა.
- 20ადას შეეძინა იაბალი. მისგან წამოვიდნენ კარვებში მცხოვრებნი და მესაქონლეები.
- 21მის ძმას ერქვა იუბალი. მისგან წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე.
- 22ცილას კი შეეძინა თუბალკაენი, სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის მჭედელი. თუბალკაენის დას ერქვა ნაამა.
- 23ლამექმა ასეთი სიტყვები შეთხზა და თავის ცოლებს, ადასა და ცილას უთხრა: „ისმინეთ ჩემი ხმა, ლამექის ცოლებო, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს: კაცი მოვკალი, რომელმაც დამჭრა, ახალგაზრდა, რომელმაც დამარტყა.
- 24თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ, ლამექისთვის შვიდჯერ და კიდევ სამოცდაათჯერ“.
- 25კვლავ დაწვა ადამი თავის ცოლთან, ევასთან, და მას ვაჟი შეეძინა. შეთი დაარქვა, თქვა, ღმერთმა სხვა შთამომავალი მომცა აბელის ნაცვლად, რადგან კაენმა მოკლაო იგი.
- 26შეთსაც შეეძინა ვაჟი და მას ენოში დაარქვა. იმ დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება.
იტვირთება შემდეგი თავი