დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 50
- 1დაემხო იოსები მამამისის სახეს, დასტიროდა და კოცნიდა.
- 2უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი. მკურნალებმაც დააბალზამეს ისრაელი.
- 3ორმოცი დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის. სამოცდაათ დღეს დასტიროდნენ მას ეგვიპტელები.
- 4ბოლოს გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, იოსებმა სთხოვა ფარაონის სახლეულობას: "თუ წყალობა ვპოვე თქვენს თვალში, უთხარით ფარაონს,
- 5რომ მამაჩემმა ასე დამაფიცა: „იცოდე, ვკვდები. იმ სამარხში დამმარხე, რომელიც ქანაანის მიწაზე მოვიმზადე“. წავალ, დავმარხავ მამაჩემს და დავბრუნდები".
- 6ფარაონმა უთხრა: „წადი და ისე დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა“.
- 7წავიდა იოსები მამამისის დასამარხავად და გაჰყვა მას ფარაონის ყველა მსახური, ფარაონის სახლეულობისა და ეგვიპტის მიწაზე მცხოვრები უხუცესები,
- 8იოსების მთელი სახლეულობა, მისი ძმები და მამამისის სახლეულობა; მხოლოდ პატარა ბავშვები და ცხვარძროხა დატოვეს გოშენის მიწაზე.
- 9გაჰყვნენ მას ეტლებიცა და მხედრებიც. შეიკრიბა დიდძალი ხალხი.
- 10მიადგნენ ატადის კალოს იორდანის მხარეში და გამართეს იქ დიდი და მწარე მოთქმა; შვიდ დღეს ასრულებდა იგი მამამისისთვის სამგლოვიარო წესჩვეულებებს.
- 11იმ მიწის მოსახლეობამ, ქანაანელებმა, დაინახეს ატადის კალოზე მიმდინარე სამგლოვიარო წესჩვეულებები და თქვეს: „მწარედ გლოვობენ ეგვიპტელები!“ ამიტომაც დაერქვა მას აბელმიცრაიმი, რომელიც იორდანის მხარეშია.
- 12ზუსტად ისე გააკეთეს მისმა ვაჟებმა, როგორც მას ჰქონდა ნაბრძანები.
- 13წაიყვანეს იგი მისმა ვაჟებმა ქანაანის მიწაზე და მაქფელას მინდორში მდებარე გამოქვაბულში დამარხეს, იმ მინდორში, აბრაამმა რომ შეიძინა ხეთელი ეფრონისგან სამარხად, მამრეს წინ.
- 14დამარხა მამამისი და დაბრუნდნენ ეგვიპტეში იოსები, მისი ძმები და ყველა, ვინც გაჰყვა მას მამის დასამარხავად.
- 15როცა იოსების ძმებმა დაინახეს, რომ მათი მამა მკვდარი იყო, თქვეს: „შეიძლება იოსებს ჩვენდამი მტრობა ჰქონდეს გულში და უეჭველად გადაგვიხდის სამაგიეროს ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც გავუკეთეთ“.
- 16ამიტომ ასეთი ბრძანება გადასცეს იოსებს: "მამაშენმა სიკვდილის წინ ბრძანება დატოვა,
- 17ასე უთხარითო იოსებს: „გემუდარები, აპატიე შენს ძმებს მათი დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტება გაგიკეთეს“. აპატიე მამაშენის ღვთის მსახურებს დანაშაული". ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
- 18ამის შემდეგ მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხვნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მონები ვართ!“
- 19იოსებმა კი მიუგო: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!
- 20თქვენ ჩემ წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეთ, ღმერთს კი ეს სასიკეთოდ ჰქონდა განზრახული, რათა ისე მომხდარიყო, როგორც დღეს არის, მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად.
- 21ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“. ასე ანუგეშა ისინი და დაამშვიდა.
- 22ეგვიპტეში ცხოვრობდნენ იოსებიც და მამამისის სახლეულობაც. იოსებმა ას ათი წელი იცოცხლა.
- 23იხილა იოსებმა ეფრემის ვაჟები, მესამე თაობა, აგრეთვე მენაშეს ვაჟის, მაქირის ვაჟები. იოსების კალთაზე დაიბადნენ ისინი.
- 24ბოლოს უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს აღუთქვა ფიცით“.
- 25დააფიცა იოსებმა ისრაელის ვაჟებს და უთხრა: „ღმერთი უეჭველად მოგხედავთ. როცა ეს მოხდება, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან“.
- 26მოკვდა იოსები ას ათი წლის ასაკში. დააბალზამეს იგი და კუბოში ჩაასვენეს, ეგვიპტეში.