დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 49

  1. 1
    მოუხმო იაკობმა თავის ვაჟებს და უთხრა: „ერთად შეგროვდით, რომ გითხრათ თქვენი მომავლის შესახებ.
  2. 2
    შეიკრიბეთ და მოისმინეთ, იაკობის ვაჟებო, მოუსმინეთ ისრაელს, მამათქვენს.
  3. 3
    რეუბენ, შენა ხარ ჩემი პირმშო, ჩემი ძალა და ჩემი წარმომქმნელი ძალის საწყისი; აღმატებული ხარ დიდებითა და ძლიერებით.
  4. 4
    არ ამაღლდები წყალივით შეუკავებელი თავისუფლებით, რადგან მამაშენის საწოლზე ახვედი და შებღალე ჩემი ლოგინი. ის ავიდა მასზე!
  5. 5
    სიმონი და ლევი ძმები არიან. მათი მომაკვდინებელი მახვილი ძალადობის იარაღია.
  6. 6
    ნუ მიხვალ, ჩემო სულო, მათ სამეგობროში. ნუ გაერთიანდები, ჩემო გონებავ, მათ კრებულში, რადგან რისხვით დახოცეს კაცები და თვითნებურად გადაუჭრეს ხარებს მყესები.
  7. 7
    დაწყევლილი იყოს მათი რისხვა, რადგან სისასტიკეა, და მათი მრისხანება, ვინაიდან ულმობლობაა. დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ ისრაელში.
  8. 8
    შენ კი, იუდა, ხოტბას შეგასხამენ შენი ძმები. ხელი მტრების კისერში გექნება ჩავლებული და მამაშენის ვაჟები შენ წინაშე დაემხობიან.
  9. 9
    ლომის ბოკვერია იუდა. წამოდგები მსხვერპლიდან, შვილო. დაიხარა იგი და ლომივით, ლომივით გაიჭიმა. ვინ გაბედავს, წინ აღუდგეს მას?
  10. 10
    არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები.
  11. 11
    ვაზზე მიაბამს თავის მამალ ვირს, და რჩეულ ვაზზე - ჭაკი ვირის ნაშიერს, თავის ტანსაცმელს ღვინოში გარეცხავს და თავის სამოსს - ყურძნის სისხლში.
  12. 12
    თვალები ღვინისგან ექნება ჩაწითლებული და კბილები რძისგან - გათეთრებული.
  13. 13
    ზღვის პირას დამკვიდრდება ზებულონი, იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ, და შორეული მხარე სიდონისკენ იქნება მიმართული.
  14. 14
    მაგარძვლიანი ვირია ისაქარი, ორ ხურჯინს შორის მწოლიარე.
  15. 15
    დაინახავს იგი, რომ კარგია მოსასვენებელი ადგილი და მიწაც მშვენიერია. დახრის მხარს ტვირთის საზიდად და მონურ, იძულებით სამუშაოს შეასრულებს.
  16. 16
    დანი, ისრაელის ერთერთი ტომი, თავის ხალხს განსჯის.
  17. 17
    გზისპირა გველი იყოს დანი, გზისპირა გველგესლა, რომელიც ისე ჰკბენს ცხენს ფლოქვზე, რომ ის მხედარს უკან აგდებს.
  18. 18
    ხსნას შენგან დაველოდები, იეჰოვა.
  19. 19
    მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება გადს, მაგრამ თავად დაედევნება.
  20. 20
    აშერიდან ნოყიერი პური გამოვა და ნუგბარს მიართმევს იგი მეფეს.
  21. 21
    ნაფთალი სხარტი ფურირემია. ის წარმოთქვამს მოხდენილ სიტყვებს.
  22. 22
    ნაყოფიერი ხის ამონაყარია იოსები, წყაროსთან მდგარი ნაყოფიერი ხის ამონაყარი, რომელმაც ტოტები კედლის მაღლა ააწვდინა.
  23. 23
    მაგრამ მშვილდოსნები ავიწროებდნენ მას, ესროდნენ და მისდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი,
  24. 24
    მისი მშვილდი კი მუდამ თავის ადგილზე რჩებოდა, და მოქნილი იყო მისი ხელის ძლიერება. იაკობის ძლიერი ღვთის ხელიდან გამოდის მწყემსი, ისრაელის ქვა.
  25. 25
    იგი მამაშენის ღვთისგანაა. ის დაგეხმარება. ის ყოვლისშემძლესთან არის და ის გაკურთხებს ზეციური კურთხევებითა და დაბლა მიწაზე ღრმა წყლის კურთხევებით, ძუძუთა და საშვილოსნოს კურთხევებით.
  26. 26
    მარადიული მთების კურთხევებსა და მარად არსებული გორების მორთულობაზე დიდი იქნება მამაშენის კურთხევები. იოსების თავზე იქნება ისინი, თავისი ძმებისგან გამორჩეულის თხემზე.
  27. 27
    ბენიამინი მგელივით მგლეჯელი იქნება. დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოს ნაძარცვს გაანაწილებს“.
  28. 28
    ეს არის ისრაელის თორმეტი ტომი და ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხებდა მათ. ყველა სათითაოდ აკურთხა.
  29. 29
    შემდეგ უბრძანა მათ და უთხრა: „ჩემს ხალხს ვუერთდები. დამმარხეთ ჩემს წინაპრებთან ხეთელი ეფრონის მინდვრის გამოქვაბულში,
  30. 30
    იმ გამოქვაბულში, მაქფელას მინდორში რომ არის, მამრეს წინ, ქანაანის მიწაზე, იმ მინდორში, რომელიც ხეთელი ეფრონისგან იყიდა აბრაამმა სამარხად.
  31. 31
    იქ დამარხეს აბრაამი და მისი ცოლი სარა. იქ დამარხეს ისაკი და მისი ცოლი რებეკა, და იქ დავმარხე მე ლეა.
  32. 32
    ის მინდორი და იქ მდებარე გამოქვაბული ხეთის ვაჟებისგან არის ნაყიდი“.
  33. 33
    დაასრულა იაკობმა თავისი ვაჟებისთვის მითითებების მიცემა. დააწყო ფეხები ტახტზე, მოკვდა და შეუერთდა თავის ხალხს.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 49 — ახალი ქვეყნიერების თარგმანი* · სიტყვა