დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 48
- 1შეატყობინეს იოსებს, დაუძლურდაო მამაშენი. წაიყვანა მან თავისი ორი ვაჟი, მენაშე და ეფრემი.
- 2უთხრეს იაკობს: „შენი ვაჟი, იოსები მოვიდა“. ისრაელმა ძალა მოიკრიბა და ტახტზე წამოჯდა.
- 3უთხრა იაკობმა იოსებს: "ყოვლისშემძლე ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში, რომ ვეკურთხებინე.
- 4ასე მითხრა: „ნაყოფიერს გაგხდი, გაგამრავლებ, გაქცევ ხალხთა კრებულად და შენს შთამომავალს მარადიულ საკუთრებად მივცემ ამ მიწას“.
- 5შენი ორი ვაჟი, რომლებიც ჩემ ჩამოსვლამდე შეგეძინა ეგვიპტის მიწაზე, ჩემები არიან. ეფრემი და მენაშე ისევე გახდებიან ჩემები, როგორც რეუბენი და სიმონი.
- 6მაგრამ შთამომავლობა, რომელიც მათ შემდეგ შეგეძინება, შენი იქნება. თავიანთი ძმების სახელით იქნებიან წოდებულნი თავიანთ მემკვიდრეობაში.
- 7როცა ფადანიდან მოვდიოდი, გზაზე, ჩემ გვერდით მოკვდა რახელი ქანაანის მიწაზე; ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე, ამიტომ იქ დავმარხე იგი ეფრათში ანუ ბეთლემში მიმავალ გზაზე".
- 8შემდეგ შეხედა ისრაელმა იოსების ვაჟებს და იკითხა: „ვინ არიან ესენი?“
- 9იოსებმა მიუგო მამამისს: „ჩემი ვაჟები არიან, რომლებიც ღმერთმა მომცა აქ“. მან უთხრა: „მომიყვანე, რათა ვაკურთხო“.
- 10სიბერისგან დაბინდული ჰქონდა თვალები ისრაელს და ვერ ხედავდა. მანაც მიუყვანა ახლოს. აკოცა მათ და მოეხვია.
- 11უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მეგონა, შენს სახეს თუ ვიხილავდი, მაგრამ ღმერთმა აქ შენი შთამომავლობაც მახილვინა“.
- 12მოაცილა ბავშვები მის მუხლებს იოსებმა და მიწაზე პირქვე დაემხო.
- 13მოჰკიდა იოსებმა ხელი ორივეს: ეფრემი თავისგან მარჯვნივ და ისრაელისგან მარცხნივ დააყენა, მენაშე კი - თავისგან მარცხნივ და ისრაელისგან - მარჯვნივ, და ახლოს მიუყვანა.
- 14მაგრამ ისრაელმა გაიწოდა მარჯვენა ხელი და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, მარცხენა ხელი კი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაადო ხელები ასე, რადგან პირმშო მენაშე იყო.
- 15აკურთხა იოსები და თქვა: „ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომლის წინაშეც ჩემი წინაპრები, აბრაამი და ისაკი დადიოდნენ, ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელიც მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში დღემდე მმწყემსავს,
- 16და ანგელოზმა, რომელიც მიფარავს ყველა უბედურებისგან, აკურთხოს ეს ყმაწვილები. ჩემი სახელითა და ჩემი წინაპრების, აბრაამისა და ისაკის სახელით იწოდებოდნენ და დიდად გამრავლდნენ ისინი დედამიწაზე“.
- 17როცა დაინახა იოსებმა, რომ მამამისს ეფრემის თავზე ედო მარჯვენა ხელი, არ მოეწონა და სცადა, მამამისის ხელი ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაეტანა.
- 18უთხრა იოსებმა მამამისს: „ასე არა, მამა, ეს არის პირმშო. მას დაადე თავზე მარჯვენა ხელი“.
- 19უარობდა მამამისი და ამბობდა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც გამრავლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად გამრავლდება და მისი შთამომავლობა ხალხებს გაუტოლდება“.
- 20განაგრძო მათი კურთხევა იმ დღეს და თქვა: "შენი მეშვეობით არაერთხელ წარმოთქვას ისრაელმა კურთხევა და თქვას: „ღმერთმა გაგხადოს ისეთი, როგორიც ეფრემი და მენაშე". ასე დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
- 21შემდეგ ისრაელმა იოსებს უთხრა: „იცოდე, ვკვდები, მაგრამ ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი წინაპრების მიწაზე.
- 22მე კი გაძლევ შენს ძმებზე იმ ერთი მხარით მეტს, რომელიც ამორეველებისგან მახვილითა და მშვილდით ავიღე“.
იტვირთება შემდეგი თავი