დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 47

  1. 1
    მივიდა იოსები, შეატყობინა ფარაონს და უთხრა: „მამაჩემი და ჩემი ძმები ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. თან წამოიყვანეს ცხვარძროხა, წამოიღეს მთელი ქონება და ახლა გოშენის მიწაზე არიან“.
  2. 2
    წაიყვანა ხუთი ძმა ფარაონის წინაშე წარსადგომად.
  3. 3
    ფარაონმა მის ძმებს ჰკითხა: „რა საქმეს მისდევთ?“ მათ მიუგეს ფარაონს: „შენი მსახურები, ჩვენცა და ჩვენი წინაპრებიც, მეცხვარეები ვართ“.
  4. 4
    შემდეგ უთხრეს ფარაონს: „ამ მიწაზე იმიტომ ჩამოვედით, რომ ხიზნებად ვიცხოვროთ, რადგან არ არის საძოვარი შენი მსახურების ფარისთვის, ვინაიდან დიდია შიმშილობა ქანაანის მიწაზე. გთხოვთ, დაგვასახლე გოშენის მიწაზე“.
  5. 5
    უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები შენთან ჩამოვიდნენ.
  6. 6
    შენს განკარგულებაშია ეგვიპტის მიწა; დაასახლე მამაშენი და შენი ძმები ამ მიწის საუკეთესო ადგილზე. გოშენის მიწაზე იცხოვრონ მათ, მათ შორის მამაცებს კი ჩემი საქონელი ჩააბარე“.
  7. 7
    მიიყვანა იოსებმა მამამისი იაკობი და წარუდგინა ფარაონს; აკურთხა იაკობმა ფარაონი.
  8. 8
    ფარაონმა იაკობს ჰკითხა: „რამდენ წელს ითვლის შენი სიცოცხლის დღეები?“
  9. 9
    იაკობმა მიუგო ფარაონს: „ას ოცდაათი წელია, რაც ხიზანი ვარ. მცირე და მწუხარებით სავსე იყო ჩემი სიცოცხლის წლები და არ გატოლებია ჩემი წინაპრების ხიზნობის წლებს“.
  10. 10
    აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა მისგან.
  11. 11
    დაასახლა იოსებმა მამამისი ეგვიპტის მიწაზე და მისცა მათ საკუთრებად რამსესის მიწის საუკეთესო ნაწილი, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
  12. 12
    ამარაგებდა იოსები პურით მამამისს, თავის ძმებსა და მამამისის მთელ სახლეულობას ბავშვების რაოდენობის მიხედვით.
  13. 13
    მთელ მიწაზე არ იყო პური, რადგან ძალიან დიდი იყო შიმშილობა და დაუძლურდა ეგვიპტისა და ქანაანის მიწა შიმშილობის გამო.
  14. 14
    თავს უყრიდა იოსები მთელ ფულს, რაც ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე იყო იმ მარცვლეულის სანაცვლოდ, ხალხი რომ ყიდულობდა. ფარაონის სახლში შეჰქონდა ფული იოსებს.
  15. 15
    ფული რომ გამოელიათ ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე, ყველა ეგვიპტელი იოსებთან მიდიოდა და ეუბნებოდა: „მოგვეცი პური! უფულობის გამო უნდა დავიხოცოთ შენ წინაშე?!“
  16. 16
    იოსებმა მიუგო: „თუ ფული გამოგელიათ, მომეცით თქვენი საქონელი და მოგცემთ პურს მათ სანაცვლოდ“.
  17. 17
    მათაც მოჰყავდათ თავიანთი საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს მათი ცხენების, ცხვარძროხისა და ვირების სანაცვლოდ. ამარაგებდა იგი პურით მათ იმ წელიწადს მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ.
  18. 18
    მიიწურა ის წელიწადიც. მიდიოდნენ მასთან მომდევნო წელსაც და ეუბნებოდნენ: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ჩვენი ფულიც და შინაური ცხოველებიც ჩვენს ბატონს მივეცით. არაფერი დაგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე ჩვენი თავისა და ჩვენი მიწის გარდა.
  19. 19
    რატომ უნდა მოვისპოთ შენ თვალწინ ჩვენცა და ჩვენი მიწაც?! გვიყიდე პურის სანაცვლოდ ჩვენც და ჩვენი მიწაც და დავემონებით ფარაონს ჩვენი მიწიანად; მოგვეცი თესლი, რომ ვიცხოვროთ, არ დავიხოცოთ და ჩვენი მიწა არ გაპარტახდეს“.
  20. 20
    ასე იყიდა იოსებმა ფარაონისთვის ეგვიპტელთა მთელი მიწა, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავთავიანთი მინდვრები მძვინვარე შიმშილობის გამო და ფარაონისა გახდა ის მიწა.
  21. 21
    გადაიყვანა მან ხალხი ქალაქებში, ეგვიპტის ერთი ბოლოდან მეორეში.
  22. 22
    მხოლოდ ქურუმების მიწა არ უყიდია, რადგან ქურუმები ფარაონისგან იღებდნენ თავიანთ ულუფას და იმას ჭამდნენ, რასაც ფარაონი აძლევდა. ამიტომ არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა.
  23. 23
    იოსებმა ხალხს უთხრა: „იცოდეთ, დღეს გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწაც. აი თესლი და თესეთ ამ მიწაზე.
  24. 24
    როცა ნაყოფს გამოიღებს, მეხუთედი ფარაონს უნდა მისცეთ, დანარჩენი ოთხი წილი კი თქვენ დაგრჩებათ თესლად და საკვებად თქვენს სახლში მყოფებისა და თქვენი ბავშვებისთვის“.
  25. 25
    მათ თქვეს: „შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე. ოღონდ წყალობა ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავხდებით ფარაონის მონები“.
  26. 26
    იოსების ბრძანების თანახმად ეგვიპტის მამულებიდან მეხუთედი დღემდე ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმების მიწა არ გამხდარა ფარაონისა.
  27. 27
    ცხოვრობდა ისრაელი ეგვიპტის მიწაზე, გოშენის მხარეში. იქ დასახლდნენ ისინი, ინაყოფიერეს და ძალიან გამრავლდნენ.
  28. 28
    ჩვიდმეტ წელიწადს იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის მიწაზე; მისი სიცოცხლის დღეები ას ორმოცდაშვიდი წელი იყო.
  29. 29
    მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის დღე. მოუხმო მან თავის ვაჟს, იოსებს, და სთხოვა: „თუ ვპოვე წყალობა შენს თვალში, ამომიდე ხელი ბარძაყქვეშ და სიკეთე და ერთგულება გამოავლინე ჩემდამი (ნუ დამმარხავ ეგვიპტეში).
  30. 30
    ჩემი წინაპრების გვერდით უნდა დავწვე. წამიყვანე ეგვიპტიდან და მათ სამარხში დამმარხე“. მან მიუგო: „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი“.
  31. 31
    მან უთხრა: „შემომფიცე“. მანაც შეჰფიცა და ისრაელი ტახტის სასთუმალზე დაემხო.
იტვირთება შემდეგი თავი
დაბადება 47 — ახალი ქვეყნიერების თარგმანი* · სიტყვა